ბორჯომის მუნიციპალიტეტში ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 477 332 ლარი გაიხარჯება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 477 332 ლარი გაიხარჯება.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ბორჯომის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცნობეს, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის 30 სოფელსა და 3 დაბაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, წლის დასაწყისში შეხვედრები გაიმართა მუნიცალიტეტის ყველა სოფელსა და დაბაში, სადაც ადგილობრივებს შეეძლოთ თავად გამოევლინათ ის პრიორიტეტები, რომლის მოგვარებაც სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება.

გამგებლის განმარტებით, ამ ეტაპზე ყველა სოფლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გამოცხადებულია ტენდერი, ხოლო პროექტების განხორციელება კი წლის მეორე ნახევრიდან ინტენსიურად დაიწყება.

”მოსახლეობის უმეტესობამ გზების მოწესრიგება, რიტუალების სახლის დასრულება, სკვერების და სახნავ-სათესი მიწების შემოღობვა, განათების სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დაასახელა”, - აცხადებენ გამგეობაში.