ქართული ხორცპროდუქტები ირანში, ყატარსა და ერაყში ექსპორტზე გავა

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ,,იბერმითი” ექსპორტისათვის ემზადება.

როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორი ირაკლი ადეიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, პირველ ეტაპზე ცხვრისა და საქონლის ხორცი ირანში, ყატარსა და ერაყში გავა.

სექტემბრიდან კი კომპანია შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზეც დაბრუნდეს.

"თუმცა კონკრეტულად როდისთვის შევძლებთ ადგილობრივ ბაზარზე დაბრუნებას, წინასწარ ამის პროგნოზირება გაგვიჭირდება”, - აღნიშნავს ირაკლი ადეიშვილი.

მისივე ინფორმაციით, კომპანია წელიწადში ათას ტონამდე ცხვრისა და საქონლის ხორცის ექსპორტირებას შეძლებს. ვაკუუმში შეფუთული და დაფასოებული ერთი კილოგრამი ხორცის საექსპორტო ფასი კი 6 დოლარი იქნება.

საწარმო სასაკლაოებს სოფელ გამარჯვებასა და ნატახტარში ფლობს. კომპანია ნედლეულის ნაწილის შესყიდვას ახორციელებს. საწარმოში მუდმივად 15-მდე ადამიანია დასაქმებული. ხორცპროდუქტების კომპანია ,,იბერმითი” 2010 წელს დაარსდა. თუმცა 2013 წელს მან ოპერირება შეწყვიტა და ბაზარს მიმდინარე წლის თებერვალში დაუბრუნდა.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე