საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დღეს გაიხსნება

საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დღეს გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო ”Rooms”-ში ღონისძიების ორგანიზატორებმა, პარტნიორებმა და სტუმრებმა პრესკონფერენცია გამართეს.

მედიის წარმომადგენლებს კვირეულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს McCann Erickson Tbilisi-ს წარმომადგენელმა თამარ გვალიამ, კვირეულის ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევენ ბოჭორიშვილმა, სასტუმრო ”Rooms”-ის წარმომადგენელმა ლევან ბერულავამ და ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელმა თათა ქსოვრელმა. ჟურნალისტების შეკითხვებს ასევე უპასუხა დიზაინერმა HERVE PEUGNET-მა.

სოფო ჭყონიას განცხადებით, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მესამე სეზონია, რაც ტარდება. მისივე თქმით, საქართველოთი და ქართველი დიზაინერებით უფრო მეტად სერიოზული ბაიერები და პრესის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. ჭყონიას შეფასებით, ეს ქვეყნის პოპულარიზაციას საკმაოდ უწყობს ხელს. მისივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეთა სია დიდია, ნაჩვენები იქნება ბევრი საინტერესო კოლექცია და ბევრი ხელოვანი ახალ აპლუაში წარდგება.

ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, მასში შემავალი მეწარმეობის განვითარების სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად უჭერენ მხარს ქართველი დიზაინერების განვითარებას. მისივე თქმით, ქართველი დიზაინერების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ქართველი დიზაინერები საკუთარ ნამუშევრებს საერთაშორისო ბაზრებზე ყიდიან, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებში არამედ, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, თუმცა, მოცულობა პატარაა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი პროდუქციის გატანა სხვა ქვეყნებში.

მსოფლიოს სამ გავლენიან მოდის ბლოგერებს შორის მყოფი დაიან პერნე ფესტივალის პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას.

”თბილისში 3-4 წელია არ ვყოფილვარ. თუმცა, ეს ჩემთვის უკვე მესამე კვირეულია, რასაც აქ ვესწრები. მე ვხედავ ფესტივალის პროგრესს, გასულ წელს „მერსედერს ბენცი“ ერთგვარი ქოლგა გახდა. იგი მაღალი პროფილით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ქართველი დიზაინერი დემნას გამო. საქართველოზე ახლა უფრო მეტი აქცენტი კეთდება, ვიდრე ამ დრომდე”, - აღნიშნა გავლენიანმა ბლოგერმა.

”აქ ვარ იმიტომ, რომ ვიცნობ საქართველოს. აქ ვიყავი ორი წლის წინაც. მე ქართველი სოფო ჭყონიას მეგობარი ვარ. როგორც ვიცით, პარიზში ორი ქართველი დიზაინერი გვყავს. ამ ქვეყნისთვის ეს ვფიქრობ, ნამდვილად სასიამოვნოა. ჩემი აზრით, მოდის სფეროში მოღვაწე ადამიანებს უნდა აინტერესებდეთ რა ხდება არამარტო ლონდონში, პარიზსა და ნიუ-იორკში, არამედ ახალგაზრდა დიზაინერების შესახებაც, რომლებსაც საკუთარი იდენტობა აქვთ”, - აღნიშნა დიზაინერმა ერვე პენემ.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ სასტუმრო ”Rooms”-ში ქართველმა და უცხოელმა დიზაინერებმა სასტუმროს სპეციალურ სივრცეში შოუ-რუმი გახსნეს. შოუ-რუმი მოდის კვირეულის პარალელურად იფუნქციონირებს. დამატებით სივრცეში ბაიერებსა და ჟურნალისტებს ახალი კოლექციების დათვალიერების საშუალება ექნებათ.

დღეს, 19:00 საათზე, ოქროს ფონდში, ერვე ლეჟესა და სიმონიკო მაჩაბელის კოლექციები იქნება წარმოდგენილი. 21:00 საათზე კი ფუნიკულიორზე, კლუბ ”ანდერვილში” ავთანდილის ჩვენება გაიმართება. ჩვენების დასრულების შემდეგ, სასტუმრო ”რედისონის” ტერასაზე წვეულება მოეწყობა.

მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით სტუმრობენ ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზად ქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამ ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერებს შორის დასახელებული Diane Pernet.

Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები და მასტერკლასები, გამოფენები რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, იმუშავებს 2 შოურუმი.

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდება Vogue.com, Modemonline Nowfashion ონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დეტალურად გააშუქებენ თბილისში გამართულ ჩვენებებს.

კვირეულის ორგანიზატორები ჟურნალისტებს ელიან მსოფლიოს პრესტიჟული მოდის გამოცემებიდან და ტელევიზიებიდან : La 7, Vogue.com, Grazia Italy, Vogue Italy, Vogue.ru, Elle Magazine Germany, Tank magazine, Elle Italy, Conde Nast Traveller, Hello fashion , style.com.

მოდის კვირეულის "Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2016" გენერალური პარტნიორია კომპანია The Coca- Cola Company. ღონისძიების გენერალური სპონსორია - Tbilisi Mall; ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო Radisson Blu Iveria; ოფიციალური პარტნიორი - სასტუმრო Room Hotel Tbilisi;

ღონისძიების ორგანიზატორი McCann Erickson Tbilisi; მოდის კვირეულის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2016 11 მაისიდან დიზაინერების საერთაშორისო კონკურსით ”BENEXT” გაგრძელდება, სადაც 25 დამწყები დიზაინერი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მიიღებს მონაწილეობას. კონკურსში გამარჯვებულები გაემგზავრებიან მსოფლიოს წამყვან დიზაინის სკოლებში სასწავლებლად.