ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მოქალაქეთა დასახმარებლად აპრილში 183 743 ლარი დახარჯა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა აპრილის თვეში, მოქალაქეების დახმარების მიზნით, 183 743 ლარი დაფინანსება გასცა, - ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, გამგეობამ და საკრებულომ თანადგომა გაუწია 937 ბენეფიციარს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ”333-მა მოქალაქემ ისარგებლა სტაციონარული, ამბულატორიული, ასევე 4 და მეტშვილიან ოჯახების, შშმ პირების, გამოჩენილ ადამიანების, ახალდაქორწინებულების, ახალშობილების, 100 წელს გადაცილებულ პირების, დედ-მამით ობოლ ბავშვების გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამით. აღნიშნული დახმარებებისათვის ჯამში 75 760 ლარი გაიხარჯა”.

პრესსამსახურის ცნობით, წინასააღდგომოდ, 388 ადამიანს კი კატეგორიების მიხედვით ბორჯომის მუნიციპალიტეტმა საჩუქრად 100 ლარი გადასცა.

”ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს, სოციალური პროგრამის ფარგლებში დახმარება გაუწიოს ბენეფიციარებს.

მოქალაქეების პირადი განცხადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღებისათვის თანადგომას უცხადებს მოსახლეობას.

მონაცემების მიხედვით, გასულ თვეს ადგილობრივი საკრებულოს მიერ გამოყოფილი 69 183 ლარით დაფინანსება მიიღო 216-მა მოქალაქემ”, - აცხადებენ პრესსამსახურში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე