საქართველოს ზღვისპირა საკურორტო ზოლში კოღოების გავრცელების საწინააღმდეგო სადეზინსექციო სამუშაოები იგეგმება

საქართველოს შავი ზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების - კოღოების გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები იგეგმება.

ამასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მერაბ ლიპარტია ესწრებოდნენ.

დაგეგმილი სამუშაოები შავი ზღვისპირა საკურორტო ზონაში ანაკლიიდან სარფამდე ღონისძიებების გატარებას გულისხმობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ორშაბათიდან შავი ზღვისპირა რეგიონებში მასშტაბური სამუშაოები დაიწყება, რომლის ამოცანა მწერის მიერ გადამტანი დაავადებების პროფილაქტიკა და პრევენცია იქნება.

წინასწარ შერჩეული ე. წ. კრიტიკული ზონები, შესაბამისი ტექნოლოგიებით დამუშავდება. დავით სერგეენკოს განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო შენობის შიდა არეალებს ადამიანისთვის უსაფრთხო ნივთიერებით დაამუშავებს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამის სამუშაოებს კოღოების გავრცელებისა და გამრავლების მაღალი რისკის მქონე არეალებში, ტყისპირა ზონებსა და წყალსატევებში ჩაატარებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამის ფარგლებში კოღოს საწინააღმდეგოდ, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში 2 ათას ჰექტრამდე ტერიტორიის დამუშავებას გეგმავს. დამუშავდება წყალსატევები და ღია სივრცეები, წყალსატევები ბიოპრეპარატებით, ხოლო ღია სივრცეები - „თერმული ნისლის" მეთოდით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით კი, წელს საკურორტო ზოლში ორჯერ დამუშავდება 3 მილიონ 500 000 კვადრატული მეტრის შენობების ფართობი ანუ ჯამში 7 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დამუშავდება ასევე საოჯახო სასტუმროები, ბრენდული სასტუმროები კი თავად უზრუნველყოფენ მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარებას.

მისივე ცნობით, შედარებით მცირე მასშტაბით დამუშავდება შენობები კახეთის რეგიონში - ყვარელში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში.