მთავრობა ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს

მთავრობა ონლაინ-სესხების საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შესაბამისი საკითხი ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

”ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ონლაინ-სესხების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმის შემუშავებაზე. ამ მიზნით, მთავრობა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს”, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო ასევე საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე, ტურიზმის პოზიტიურ დინამიკასა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და ოთარ ნადარაიამ ისაუბრეს.

”აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის მზარდ დინამიკას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.