24 არასამთავრობო ორგანიზაცია ”პანორამა თბილისის“ მშენებლობას აპროტესტებს

კოჯრის გზატკეცილზე, სადაც“პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს, 24 არასამთავრობო ორგანიზაცია აქციას მართავს. აქციის მონაწილეები პროექტ ”პანორამა თბილისის” მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქალაქი ყველასია და არა ერთი ადამიანის საკუთრება.

როგორც ორგანიზაცია „რაჭის მცველების“ წარმომადგენელმა ირაკლი სარდანაშვილმა განაცხადა, მოსახლეობას სუნთქვა და ჰაერი სჭირდება.

„მეგონა, რომ დამოკიდებულება შეიცვლებოდა. ქვეყანაში ამ კუთხით ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი. მეგონა, რომ ხეები დაირგვებოდა, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ ხეები იჩეხება“, - განაცხადა სარდანაშვილმა.

მისივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე კონკრეტული ადამიანები არ გაჩერდებიან. ადგილზე იმყოფება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, აქციის მიზანია ”ის ადამიანი მიხვდეს, რომ ეს ქალაქი არ არის ყანა, რომელსაც შემოღობავ, რადგან ბევრი ფული გაქვს”. მისივე თქმით, საჯარო სივრცეებს ყველა ადამიანი უნდა უფრთხილდებოდეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები და დროშები სახელწოდებით „ქალაქი ჩემია“, „არა პანორამას“.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.