რატომ არის საჭირო სათესლე მასალის სერტიფიცირება?

„ფერმერებსაც სურთ, რომ ქართული ბაზარი ფალსიფიცირებული სათესლე მასალისგან გათავისუფლდეს“

უახლოეს მომავალში საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემა ამოქმედდება. აღნიშნულ სისტემაზე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. სერტიფიცირების სისტემის შექმნაში აქტიურად მონაწილეობენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტები. „ბიზნესპრესნიუსის“ სტუმარია ამ სამსახურის უფროსი ნოდარ ხატიაშვილი:

- ბატონო ნოდარ, რატომ არის საჭირო სათესლე მასალის სერტიფიცირება?

- საქმე ის არის, რომ ქართულ ბაზარზე წლების მანძილზე ტრიალებს სათესლე მასალა, რომელშიც რამდენიმე ჯიშია არეული და საბოლოოდ რა თვისებებს გამოავლენს, კაცმა არ იცის. შეიძლება სასურსათო ხორბალი საფურაჯეშიც იყოს არეული და სავაჭრო ქსელში ასე იყიდებოდეს. ეს ბაზარი როგორმე უნდა დალაგდეს და დაიწმინდოს, რადგან ფერმერი, რომელიც საეჭვო შემადგენლობის სათესლე მასალას იყენებს, ყოველთვის ნაკლებ მოსავალს იღებს. თუ სათესლე მასალა ხარისხიანი და სუფთა არ არის, გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქტს ვიღებთ. ამიტომ, უნდა არსებობდეს ქვეყანაში სერტიფიცირების სისტემა.

- თუ არის ცნობილი, რომელ კულტურებს შეეხება ეს სისტემა?

- როდესაც კანონმდებლობა ჩამოყალიბდება, ზოგიერთი კულტურის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება, ზოგიერთისა კი - არა. ბევრი იზიარებს მოსაზრებას, რომ ხორბალი და მარცვლეული კულტურები, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. სწორედ უკონტროლობამ გამოიწვია ის, რომ მოსავლიანობა და სათესლე მასალის ხარისხი საქართველოში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ, სერტიფიცირების სისტემა, რომელიც დღეს მოწინავე ქვეყნებში მოქმედებს, ჩვენთანაც უნდა დაინერგოს. ამ საქმეში აქტიურად გვეხმარება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). პროექტი შარშან დაიწყო, უკვე შექმნილია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მთავრობას წარედგინა. ამავე დროს, ჩვენც დავიწყეთ სისტემის აპრობაციაც.

- რა იგულისხმება აპრობაციაში?

- საქმე ის არის, რომ ჩვენთან სათესლე მასალა, ძირითადად, უცხოეთიდან შემოდიოდა, ის აქ არ იწარმოებოდა. არადა, სათესლე მასალას სჭირდება აპრობაცია ჩვენი ქვეყნის კლიმატურ პირობებთან. უნდა შემოწმდეს, როგორ გაიხარებს ესა თუ ის კულტურა, როგორ შეეგუება ადგილობრივ პირობებს. შეიძლება სხვა ქვეყანაში კარგ მოსავალს იძლეოდეს, მაგრამ საქართველოს პირობებში ვერ გამოავლინოს თავისი კარგი თვისებები. ჩვენი, ადგილობრივი ჯიშები უკვე შეგუებული და რეზისტენტულია სხვადასხვა დაავადების მიმართ, ამიტომ მათზე დაყრდნობით ახალი ჯიშების შექმნა და აპრობაცია ყველაზე უპრიანი გზაა. ვერავინ იტყვის, რომ უცხოეთიდან შემოტანილ სათესლე მასალაზე უარი უნდა ვთქვათ, მაგრამ მას ადგილობრივ პირობებში გამოცდა სჭირდება. ამას ადრე დარაიონებას ეძახდნენ. მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება რეკომენდაციების მიცემა ფერმერებისთვის. სერტიფიცირების სისტემა უზრუნველყოფს შემოტანილი სათესლე მასალის გამოცდას, ამ მასალის ლაბორატორიულ შემოწმებას და იმის დადგენას, თუ რამდენად სუფთაა ის. თუ სათესლე მასალას თავისი სერთიფიკატი მოჰყვება, ესე იგი, ის სუფთა და ხარისხიანია - ასე ხდება ყველა მოწინავე ქვეყანაში.

- რას გვეტყოდით მოსაზრებაზე, რომ ფერმერებმა უპირატესობა ადგილობრივ, ქართულ ჯიშებს უნდა მიანიჭონ?

- ვერ ვიტყვით, რომ უპირატესობა მხოლოდ ადგილობრივ ჯიშებს უნდა მივანიჭოთ. საერთოდ, სელექცია და ადგილობრივი ჯიშების შეჯვარება უცხოურთან ამ დარგში ყველაზე ეფექტიანი მიმართულებაა. სწორედ ამ გზით იღებენ მეცნიერები ახალ ჯიშებს, რასაც 6-7 წელი მაინც სჭირდება და საკმაოდ რთული პროცესია. საბჭოთა კავშირის დროს ახალი, გაუმჯობესებული ჯიშები სამეცნიერო ცენტრებში გამოჰყავდათ და ეს სფერო კარგად ვითარდებოდა. ახლა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვართ, მაგრამ რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციამ ხომ უნდა ითავოს ეს საქმე? - დღეს ამას ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აკეთებს, მაგრამ საბოლოოდ პროცესმა მაინც კერძო სექტორში უნდა გადაინაცვლოს, მეცნიერებს უნდა ჰქონდეთ დაინტერესება, რომ ახალი ჯიშების სელექციაზე იმუშაონ. ამ საქმეში მატერიალური წახალისებაც საჭიროა.

- საინტერესოა, დაგვიცავს თუ არა სერტიფიცირება გენური ინჟინერიის გზით მიღებული პროდუქციისაგან?

- ვიცით, რომ საქართველო გენური ინჟინერიისაგან თავისუფალ ზონად არის გამოცხადებული. აქვე უნდა ვთქვა, რომ გენმოდიფიცირებული სათესლე მასალა სხვაა და გენური ინჟინერიით მიღებული - სულ სხვა. დროთა განმავლობაში მცენარეების გენი მაინც იცვლება კლიმატური პირობების, დამტვერვის თუ სხვა ფაქტორების გამო, მაგრამ როდესაც ერთი სახეობის პროდუქტში შეჰყავთ სულ სხვა სახეობის გენი, ეს არის გენური ინჟინერია, რომელიც ბოლომდე გამოკვლეული არ არის და ამიტომაც არის საშიში. დათვის გენს რომ შეიყვან პომიდორში, ეს არის საშიში, თორემ გენების მოდიფიკაცია ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ კანონმდებლობით დაცული ვართ გენური ინჟინერიით მიღებული სათესლე მასალისგან, მაგრამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში შეუმოწმებელი პროდუქტი შემოდიოდა, რაც არ უნდა გაგრძელდეს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სერტიფიცირების სისტემის დანერგვის შემდეგ ფერმერს ექნება საშუალება შეარჩიოს სასურველი ჯიში თავისი რაიონის და იმ ადგილის მიხედვით, სადაც ცხოვრობს. მას ექნება კატალოგი, რომლითაც მეურნე შეძლებს სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს და სასურველი მოსავალი მიიღოს. უდავოა, რომ მეცნიერების გარეშე სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. ადრე მეცნიერება სოფლის მეურნეობაში არ ერეოდა, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით.

- ბატონო ნოდარ, ამჟამად რა ეტაპზეა სერტიფიცირების სისტემაზე მუშაობა?

- ჯერჯერობით ამ სისტემას ნებაყოფლობითი ხასიათი აქვს, ვისაც სერტიფიკატის მიღება სურს, მოდის, წერს განაცხადს და ჩვენ უფასოდ ვემსახურებით - ეს პროცესი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. კანონის მიღების შემდეგ კი, მთავრობა დაადგენს, რომელ კულტურაზე დააწესოს სავალდებულო სერტიფიცირება და რომელზე - არა. ამ პროექტმა უკვე გაიარა განხილვა შესაბამის დარგობრივ სამინისტროებში, ბოლოს კი, მთავრობას უნდა გადაეცეს დასამტკიცებლად. ფერმერებიც მოწადინებული არიან, რომ ქართული ბაზარი ფალსიფიცირებული სათესლე მასალისგან გათავისუფლდეს. ყველა ფერმერის სურვილია ხარისხიანი თესლი მიიღოს და არა მოსავლიდან მოსავლამდე გადარჩენილი პროდუქტი, რომელსაც სათესლე მასალას ვერც ვუწოდებთ. ამჟამად, FAO-ს მიერ მოწვეული ექსპერტის მიერ წილკანში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, მიმდინარეობს სასწავლო ტრენინგი, რომელიც ჩვენს მეცნიერ-თანამშრომლებს საშუალებას მისცემს,  ცოდნა და გამოცდილება გაიღრმავონ. სერტიფიცირების სრულყოფილი სისტემის შექმნა ამ სფეროში არსებულ ბევრ პრობლემას აღმოფხვრის.

ხათუნა ჩიგოგიძე