საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყოველწლიურად საშუალოდ 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად საშუალოდ 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს სასტუმრო „რუმსში“ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, რომელიც გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში 3 700 000 მოქალაქეზე დაახლოებით 1 200 000 ავტომობილია რეგისტრირებული. სიკვდილიანობის შემთხვევები ყოველწიურად დაახლოებით 550-დან 600-მდე ადამიანს შეადგენს. შალვა ხუციშვილის განცხადებით, ეს ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპაში. მინისტრის მოადგილემ საუბრისას ასევე განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან ეს არის სამინისტროს ერთ-ერთი პასუხისმგებლობის სფერო. შალვა ხუციშვილის თქმით, საკმაოდ დიდი კამპანიაა დაწყებული „შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისათვის“. მათ შორის სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპროექტების ინიცირებაც მოხდა.

„ვახორციელებთ რამდენიმე პროექტს. ერთ-ერთი არის სკოლებში განათლების კომპონენტის გაძლიერება ბავშვებისათვის. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, მეხანძრეებსა და 112-ის წარმომადგენლებს გასვლითი ლექციები ექნებათ სკოლებში“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, წელს ეს პროექტი საპილოტე რეჟიმში 30-მდე სკოლაში განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოში მოხდება მისი განვრცობა.