ლევან რაზმაძე - მითი, რომ შესყიდვების სააგენტო ქაჯეთის ციხე იყო, დაინგრა

მითი, რომ შესყიდვების სააგენტო ქაჯეთის ციხე იყო, დაინგრა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ განუცხადა, რომელმაც ბიზნესმენებთან პირველი შეხვედრა გამართა.

"ეს შეხვედრები გაგრძელდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ, იქნება მუდმივად და არა ერთჯერადად. რამდენიმე წლის წინ შემსყიდველ ორგანიზაციებს შესყიდვების სააგენტო ქაჯეთის ციხე ეგონათ და შემოღწევა აქამდე შეუძლებელი იყო - ეს მითი დაინგრა. დღესაც ამ მითის დანგრევასთან გვაქვს ადგილი, როცა ბიზნესს საშუალება აქვს, მათ პრობლემებზე გვესაუბრონ, კონკრეტული "ქეისები" წარმოადგინონ და ჩვენ მზად ვართ, მათ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ, თუ რაიმე საკანონმდებლო ხარვეზია ან ვინმეს ქმედება უშლის მათ წარმატებებს ხელს",- განაცხადა ლევან რაზმაძემ.

რაც შეეხება ბიზნესმენებს, ისინი შესყიდვების სფეროში მთავარ პრობლემად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, ბაზრის გამოკვლევას და შესაბამის ფასების პოლიტიკას ასახელებენ.

"მე მაგალითად ვთვლი, რომ ძირითადი პრობლემაა მხოლოდ და მხოლოდ ფასზე ორიენტირება, რომელიც დღეს ძირითადი მიმართულებაა სახელმწიფო შესყიდვების. მე რამდენადაც ვიცი, არსებობს ინიციატივა, რომ განხორციელდეს სხვა ტიპის შესყიდვებიც და მოხდეს ხარისხზე ორიენტაცია", - განაცხადა კომპანია "ინკოს" დირექტორმა ლაშა კუხალაშვილმა.