საბანკო სექტორი მომდევნო კვარტალში ფიზიკური პირების სესხებზე მოთხოვნის ზრდას ელის

საკრედიტო კვლევის პირობების მიხედვით, საბანკო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო კვარტალში ფიზიკური პირების სესხებზე მოთხოვნის ზრდას ელიან.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, მარტში, დეკემბერთან შედარებით, ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელი 310 მლნ ლარით გაიზარდა. პროდუქტების ჭრილში, წინა კვარტალთან შედარებით იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების მოცულობა, შესაბამისად 59 და 278 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მომენტალური განვადებების და საკრედიტო ბარათების მოცულობა 27 მლნ-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, აღნიშნული სესხებით ძირითადად იმპორტის დაფინანსება ხდება. შესაბამისად, მათი შენელებული ზრდა, იმპორტზე შემცირებულ მოთხოვნას ასახავს, რაც ხელს უწყობს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებას.

რაც შეეხება ბიზნეს სესხებს, საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, საბანკო სექტორის მონაწილეები მომდევნო კვარტალში ბიზნეს სესხებზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ცვლილებას არ მოელიან.

"იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა მარტში დეკემბერთან შედარებით  შემცირდა და 3.9% შეადგინა. ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში განპირობებული იყო მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სექტორების დაკრედიტებით, ხოლო ვაჭრობის, ტრანსპორტისა და გადამამუშავებელი სექტორების ზრდა უმნიშვნელო იყო”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.