გიორგი კვირიკაშვილი - მომავალი წლიდან დაგეგმილი რეფორმების შედეგად ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან დაჩქარებას მივიღებთ

მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშნელოვანი რეფორმები, რომელთა შედეგად ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან დაჩქარებას მივიღებთ , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას.

პრემიერის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა” 3%-მდე ეკონომიკურ ზრდის პროგნოზი გადააფასა და 3,4%-მდე აწია.

„მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, უფრო მეტიც იყოს ზრდა წლის ბოლომდე, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორცილებთ როგორც ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში, ასევე მთლიანად ვცვლით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების და სხვა პროექტების მენეჯმენტის სტრატეგიას. ვფიქრობთ, როგორც აღსრულების მექანიზმების დახვეწის კუთხით, ისე საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს იმიჯის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად და იმ სტაბილურობით, რომლითაც საქართველო გამოირჩევა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ვფიქრობ, შევძლებთ, კიდევ უფრო ავწიოთ ზრდის მაჩვენებელი. მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშნელოვანი რეფორმები, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო გარემოს თვისობრივად შეცვლის და ამის შედეგად ვფიქრობთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მნიშვნელოვან დაჩქარებას მივიღებთ, რაც, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების ზრდაზე მნიშვნელოვნად აისახება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

EBRD-მა საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-მდე გაუზარდა, მაშინ როდესაც 2015 წელს ნოემბერში გაკეთებული პროგნოზით, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” ვარაუდობდა, რომ 2016 წლის ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის 2.6% იქნებოდა.