სოფელ ფცის მოსახლეობას ირიგაციის თანამედროვე მეთოდები გააცნეს

სოფელ ფცის მოსახლეობას ირიგაციის თანამედროვე მეთოდები გააცნეს. ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს და მის უპირატესობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

მათი თქმით, ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.

შეხვედრას „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, კომპანიის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დირექტორი ვახტანგ გარდაფხაძე, ადგილობრივი მოსახლეობა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგროინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.

მსგავსი ტიპის შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.