AMG-ის ახალი სუპერქარი ფორმულა 1-ის ტექნოლოგიით შეიქმნება

Mercedes-Benz-ის კუთვნილი კომპანია AMG-ის ქარხანაში GT coupé-ს პარალელურად მეორე - სრულიად დამოუკიდებელი ახალი მოდელის წარმოებას გეგმავს.

ამის შესახებ AMG -ის ხელმძღვანელმა ტობიას მოერსმა ბრიტანულ გამოცემა Autocar-ს განუცხადა. მისი აზრით, კომპანია ახლა იმ დონეზეა, რომ თავისუფლად შეუძლია აწარმოოს კიდევ ერთი AMG მოდელი.

ტობიას მოერსს სხვა დამატებითი დეტალები არ გაუმხელია, თუმცა აღნიშნა, რომ კომპანიას სჭირდება იმ გამოთავისუფლებული ადგილის ათვისება, რომელიც თავის დროზე SLS-მა დატოვა. აღსანიშნავია, რომ SLS-ის ტოპ ვერსიის ფასი 300 ათას დოლარს აღწევდა, რაც ამჟამინდელ GT coupé-ს ტოპ ვერსიაზე ორჯერ ძვირია. თუმცა მოერსის განცხადებითვე, ახალი ავტომობილი სრულიად განსხვავებული იქნება და არ მიიღებს SLS და GT მოდელების მსგავსად ფრონტალურ ძრავას, არამედ ექნება უკანა ჰიბრიდული აგრეგატი, რომელიც ამჯერად წარმატებით გამოიყენება კომპანიის „ფორმულა 1-ის“ ბოლიდებში.

მიუხედავად ამგვარი ტექნოლოგიისა, ავტომობილი არ იქნება შეზღუდული რაოდენობით წარმოებული, როგორც მისი მსგავსი მილიონდოლარიანი სუპერქარები, მაგალითად, McLaren P1, LaFerrari ან „პორშე 918“.

მოერსის თქმით, კომპანია ჯერ არ არის მზად მილიონ დოლარიან სეგმენტზე კონკურენციისთვის. შესაბამისად, ავტომობილი კონკურენციას გაუწევს შედარებით „დაბალფასიან“ ავტომობილებს 300 000-იან სეგმენტში, სადაც პოზიციონირებენ McLaren 650S და Ferrari 488 GTB.

როგორი იქნება სიახლე ვიზუალურად, ამაზე ჯერ ცნობილი არაფერია, თუმცა ეს კარგი შესაძლებლობაა კომპანიისთვის, წარმოებას დაუბრუნოს ლეგენდარული „თოლიას“ კარი, რომელიც ამშვენებდა წარმოებიდან ამოღებულ SLS-ს.

Mercedes-Benz -ის კუთვნილი კომპანია AMG ბოლო წლებში მეტად პოპულარული გახდა. თუ ჯერ კიდევ 2013 წელს კომპანიამ AMG-ს ლოგოთი 32 ათასი ერთეული ავტომობილი გაყიდა, უკვე 2015 წელს ეს ციფრი 70 000-ს მიუახლოვდა და გაასწრო მის უშუალო კონკურენტს BMW-ს - M დივიზიას.

კოკა კვირკველია