Audi წელს 3,5 მილიარდ დოლარს დახარჯავს

გერმანული პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Audi მიმდინარე წლის ბოლომდე 20-მდე მოდელის განახლებას ან სრულიად ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს, ხოლო 2018 წლისთვის კომპანიის ისტორიაში პირველი სრულიად ელექტროფიცირებული SUV-ის Q6-ის წარმოებას აპირებს. ამ მიზნებისთვის კომპანია 3,5 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

გასული წარმატებული წლის შემდგომ კომპანია ახალ პროექტებზე ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის მიმდინარე წელს მოიაზრება სრულიად ახალი ქროსოვერის Q2-ის წარმოება და ასევე ყველგანმავალ Q7-ის სხვადასხვა ვარიანტის გაყიდვების დაწყება.

ეს გეგმები კომპანიამ მას შემდეგ გაამჟღავნა, რაც გასული წელი საკუთარი არსებობის მანძილზე ყველაზე წარმატებულად გამოაცხადა. Audi-მ გასულ წელს 1,8 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც თითქმის 600,000-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეს, ეს ციფრი 620 ათასს აღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4.9%-ით მეტია.

ცნობისათვის, კომპანიის შემოსავლებმა გასულ წელს 5,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაზეც გარკვეული გავლენა მოახდინა ე.წ. „დიზელის სკანდალმა“. ამას მიაწერენ კომპანიის მესვეურები გასულ წელს პრემიუმ სეგმენტში მესამე ადგილზე გადანაცვლებას, რომელიც მათ Mercedes-ის სასარგებლოდ დათმეს. თუმცა ისინი მიმდინარე წელსაც მესამე ადგილზე არიან: პირველი ოთხი თვის გაყიდვების შედეგად, ლიდერია Mercedes-Benz, რომელმაც 647 ათასი ავტომობილი გაყიდა. ამავე პერიოდში BMW-ს გაყიდვებმა 629 ათასი ერთეული შეადგინა, ხოლო Audi მესამეა 620 ათასი რეალიზებული ავტომობილით.

კოკა კვირკველია