საბურთალოს გამგეობამ 112 პროექტის თანადაფინანსება განახორციელა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ 112 პროექტის თანადაფინანსება განახორციელა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე 112 სხვადასხვა სახის პროექტი დააფინანსა.

თანადაფინანსებულ პროექტებს შორისაა: ლიფტების, სახურავების, სართულშუა ნაპრალების ამოვსებისა და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე, სახურავების რეაბილიტაციის პროექტი 25 მისამართზე დაფინანსდა, 19 ლიფტი განახლდა, 14 მისამართზე 22 კიბის საფეხური განახლდა, 4 მისამართზე 9 კარი დამონტაჟდა, 18 მისამართზე სართულშუა ნაპრალების ამოვსების პროექტი განხორციელდა, 30 მისამართზე 60 სადარბაზო შერემონტდა, 10 მისამართზე კი წყალკანალიზაციის სისტემები შეიცვალა. თანადაფინანსებულ პროექტებში მოხვდა სენსორული სანათების მონტაჟი ორ და წყალსაწრეტების რეაბილიტაცია 1 მისამართზე.

მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით პროექტების თანადაფინანსებას აგრძელებს.