ოთარ დანელია - ვაპირებთ სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შესაბამისი პრეპარატები ჩავიტანოთ, რომ ხეხილი და ნარგავები გადარჩეს

სტიქიის შედეგად საქართველოს რეგიონებისთვის მიყენებული ზარალის შედეგებს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს შესაბამის თემაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით 13 ათას ჰექტრამდე 91 სოფელი არის დაზარალებული.

მისივე განმარტებით, აქვს გარკვეული ინიციატივები, რომლითაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარსდგება, თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ ინიციატივა, არ გულისხმობს ანაზღაურების საკითხს, არამედ მოიაზრება შესაბამისი პრეპარატების დისტრიბუცია დაზარალებულ სოფლებში.

„ინიციატივა გულისხმობს შესაბამისი პრეპარატების დისტრიბუციას იქ, სადაც ამის აუცილებლობაა, რომ ფიზიკურად გადარჩეს ხეხილი და ნარგავები. მიმდინარეობს დათვლა და აქედან გამომდინარე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.