როგორ დაიწყო კახელმა ბიჭმა შვეიცარიული ყველის წარმოება ოდლისში

32 წლის რატი როსტომაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ ოდლისიდანაა.

ახალგაზრდა მეწარმე სწორედ მშობლიურ სოფელში აწარმოებს შვეიცარიულ ყველს, რომელიც ქართულ ბაზარზე დიდად მოთხოვნადია.

როგორ გაუჩნდა რატის ყველის დამზადების იდეა და საიდან იღებს ნედლეულს, ამ და სხვა თემებზე თავად რატი გვესაუბრა:

- მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ჩვენს კომპანიაში ტექნიკოსია, გერმანიაში ვცხოვრობდით, სადაც ყველის წარმოების იდეა გაგვიჩნდა. ამისთვის შევისწავლეთ ყველის წარმოების ტექნოლოგია (დაახლოებით 5 წლის მანძილზე ვსწავლობდით ამ ყველაფრის კეთებას) და შემდეგ უკვე ერთად, საქართველოში დავიწყეთ ყველის დამზადება.

- რატომ შვეიცარიული ყველი?

- სხვათა შორის, როცა წარმოებას ვიწყებდით, არც ვიცოდით გაგვიმართლებდა თუ არა, რადგან იმ დროს მსგავსი ტიპის - ჩარდახში დაძველებული ყველი საქართველოში არ იწარმოებოდა. შვეიცარიული ყველი ძალიან კარგად ერგება ჩვენს კლიმატს და პირობებს. მოგეხსენებათ, შვეიცარიაში არის ალპური კლიმატი, ანუ ქართულ სიცივეებს ამ ტექნოლოგიით დამზადებული ყველი ადვილად შეეგუებოდა. იმისთვის, რომ ყველი სრულყოფილი ყოფილიყო, ჩვენ შვეიცარიაშიც ვიყავით და ადგილზეც ვისწავლეთ დამზადების სხვადასხვა ნიუანსი.

- დაძველებას რა პერიოდი სჭირდება?

- ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა სახის ყველს და თითქმის ყველას განსხვავებული პერიოდი სჭირდება დაძველებისთვის. ზოგი მათგანი 4-5 თვეც შეიძლება დააძველო და ამის მერე გაყიდო. უმეტესობას ვაძველებთ 1-2 თვე, თუმცა გვაქვს სახეობები, რომლებსაც წელიწადიც კი ვაძველებთ. არის სახეობები, რომელიც თუ 2 წელი დაძველდა, უკეთესია, თუმცა ამდენი ხნით დაძველებას ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვახერხებთ, რადგან მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე დამზადებული პროდუქციის რაოდენობა.

- თქვენს მიერ წარმოებული ყველის ფასი - 25-28 ლარი არცთუ ისე იაფია, რამდენად კარგად ხდება გასაღება?

- როგორც გითხარით, მოთხოვნა არის მაღალი და რაც მთავარია, ეს მოთხოვნა მზარდია. გარდა ამისა, ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას ყველის ფესტივალზე და გამოფენებზე და შეფასება ყოველთვის უმაღლესია. ჩვენი მთავარი მიზანი არა დიდი რაოდენობით, არამედ მაღალი ხარისხის შვეიცარიული ყველის წარმოებაა. დღეში მხოლოდ 30-40 კილოგრამს ვამზადებთ. ამჟამად 13 სახეობის ყველი გვაქვს, თუმცა ვაპირებთ 2-3 სახეობა კიდევ დავამატოთ. სხვათა შორის, როცა წარმოება დავიწყეთ, მაშინ უფრო ძვირი ჩანდა ჩვენი პროდუქცია, თუმცა ახლა თუ დიდ სუპერმარკეტებში შეხვალთ ქართული წარმოების ყველიც კი, მაგ. სულგუნი, თითქმის იგივე ფასი ღირს.

- თუ აპირებთ ახალი ბაზრების ათვისებას?

- რუსეთსა და უკრაინაში გატანას ვფიქრობთ, თუმცა ეს სამომავლო პერსპექტივაა და ამის რეალურად განხორციელება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა პროდუქტი გაცილებით ბევრი გვექნება.

- საიდან იღებთ ნედლეულს?

- გვაქვს საკუთარი ფერმა, საიდანაც რძეს ვიღებთ. დღესდღეობით ფერმაში შვეიცარიული ჯიშის დაახლოებით 45 ძროხა გვყავს, რომელიც ქართულ ჯიშთანაა შეჯვარებული. სხვა ფერმერებისაგან არ ვიღებთ ნედლეულს, რადგან გვეშინია, რომ არ მოხდეს უხარისხო რძის შემოტანა, ხოლო ჩვენს ფერმაში ეს ყველაფერი მაქსიმალურად კონტროლდება.

- დაახლოებით რა თანხით შეძელით კომპანიის შექმნა?

- მსგავსი ტიპის საწარმო იაფი ნამდვილად არ ჯდება, რადგან გარდა საწარმოსი, მასზე მიბმულია ფერმა და ბუნებრივია, ეს ყველაფერი იაფი არაა და დაახლოებით 150 000 - 200 000 დოლარი ჯდება.

- ამჟამად ყველი იწარმოება ”შპს ოდლისი”-ის სახელით, სამომავლოდ ხომ არ აპირებთ უკვე ბრენდირებულად გამოუშვათ ყველი?

- დიახ, ამჟამად ყველი დაბრენდილი არა გვაქვს და უბრალოდ, შვეიცარული ყველის სახელით იყიდება, მაგრამ სამომავლოდ ვაპირებთ დავბრენდოთ და ისე გავიტანოთ ბაზარზე.

ლადო გოგოლაძე