”ლიბერთი ბანკი” ბანკის შესაძლო გაყიდვის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

”ლიბერთი ბანკი” ბანკის შესაძლო გაყიდვის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ”ლიბერთი ბანკის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბანკი ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას აგრძელებს.

”ცოტა ხნის წინ ბანკმა 2016 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბანკი მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს (წმინდა მოგება - 7.8 მილიონი ლარი, ROAE - 23.05% გაწლიურებული, ROAA - 2.03% გაწლიურებული). ბანკის სტაბილურად კარგი შედეგებიდან გამომდინარე, ინვესტორთა დაინტერესება ბანკის აქციების შეძენით გასაკვირი არ უნდა იყოს, და ზოგადად მისასალმებელია, თუმცა ნებისმიერი გარიგება ბანკის აქციონერების პრეროგატივაა და ბანკი მიმდინარე მოლაპარაკებებსა თუ სავარაუდო ან შესაძლო გარიგებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს”, - ნათქვამია განცახდებაში.

”ლიბერთი ბანკის” პირველი კვარტლის ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბანკის ვებგვერდზე: https://www.libertybank.ge/en/ir/press-releases.

"ჰანიველ პარტნერსი" "ლიბერთი ბანკის" აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვას გეგმავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ჰანიველ პარტნერსის" მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ განუცხადა.

"ჩვენ ახლა ვუყურებთ "ლიბერთი ბანკს". იმედია, მალე მოვახერხებთ გამოცხადებას, რომ ვიყიდეთ საკონტროლო პაკეტი ამ ბანკში", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი რუხაძემ და დასძინა, რომ ეს არის "ჰანიველ პარტნერსის" პროექტი.

რუხაძის განმარტებით, "ჰანიველ პარტნერსი" არ არის პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილი კომპანია, თუმცა პატარკაციშვილების ოჯახი კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი კლიენტია და მის აქტივებს სწორედ "ჰანიველ პარტნერესი" მართავს.