აფბა - ლარის გამყარების ხელოვნური შეჩერების მცდელობებს აქვთ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტები

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას“ პრეზიდენტის შოთა გულბანის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე ლარის გამყარების პროცესის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესისთვის ხელის შეშლა და ლარის კვლავ გაუფასურება. გულბანმა ლარის კურსის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ეროვნული ვალუტა ლარი, დოლარის მიმართ პერმანენტულად და უწყვეტ რეჟიმში მყარდება, ქრონოლოგიურად ეს პროცესი დაემთხვა საქართველოს ეროვნული ბანკის პოსტიდან გიორგი ქადაგიძის წასვლას. ქადაგიძის ოპონენტები ამას მისი საქმიანობით, მისი პოლიტიკური ანგაჟირებულობით და სებ-ის კომპეტენციის ფარგლებში არსებული ბერკეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებით ხსნიან. სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპერტთა ნაწილი, განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ექსპერტები, საგარეო ფაქტორებზე და ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვაზე მიუთითებენ, ამ დროს რიგითი მოქალაქე ვერ გარკვეულა, უნდა უხაროდეს თუ არა ლარის გამყარება დოლართან და შიგადაშიგ ევროსთან მიმართებაში. ჩვენც, ეკონომიკური პროფილის არასამთავრობოები გარკვეულწილად ვალში ვართ საზოგადოების წინაშე, რადგან ვერ ვახერხებთ ჩვენი ნააზრევის მოქალაქეებამდე ოპერატიულ მიტანას”, - აცხადებს გულბანი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლარის გამყარების თანდათანობითი პროცესი დადებითი და მისასალმებელი ტენდენციაა.

”ის ფაქტორი, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შეფარდებით 1 დოლარი 2.4 ლარი, არ ამართლებს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პერმანენტულ ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე, სადაც სებ-მა მარტის შუა რიცხვიდან დღემდე ჯამში 115 მილიონი დოლარი შეისყიდა, რითაც მიზანმიმართულად აფერხებს ლარის გამყარების პროცესს, მაშინ, როცა სებ-ის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ სებ-ისგან ვერ მოისმინა მკაფიო განმარტებები ლარის გამყარების პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებთან დაკავშირებით. აქ მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ რა უფრო პრიორიტეტული და უპრიანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის მოცემულ ეტაპზე, გაუფასურებული ლარით შენარჩუნებული ექსპორტის კონკურენტუნარიანობა, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, თუ გამყარებული ლარი, რის შედეგადაც ბიზნესმენების აბსოლუტურ უმრავლესობას დოლარში ვალდებულებები შეუმცირდება? ვფიქრობ, რომ ეს უკანასკნელი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ეტაპზე, ვინაიდან სწორედ მწარმოებლურობის უნარი და პოტენციალია ის ფუნდამენტური ფაქტორი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ვალუტის სტაბილურობას და მის სიმყარეს განაპირობებს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის ცვლილებებთან დაკავშირებით, გააკეთოს იმგვარი განმარტებები და ფორმულირებები, რაც გასაგები და ადაპტირებადი იქნება იმ კატეგორიის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთათვისაც სავალუტო რყევები პირდაპირი ზეგავლენის მომხდენია მათ მოგება ზარალზე”, - განმარტა აფბა-ს პრეზიდენტმა შოთა გულბანმა.