ევროპაში ინტერნეტ რეკლამის შემოსავალმა სატელევიზიო რეკლამის შემოსავალს გადაუსწრო

ევროპის ინტერნეტ რეკლამის ბაზრის შემოსავალმა სატელევიზიო რეკლამის შემოსავლებს გადაუსწრო.

IAB Europe-ის ინფორმაციით, 2015 წელს ინტერნეტ რეკლამის შემოსავალმა 36,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 13%-ით მეტია 2014 წლის მონაცემებზე.

ამავე მონაცემებით, გასულ წელს ევროპის სარეკლამო ბაზარზე სატელევიზიო რეკლამის შემოსავლებმა 33,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

IAB Europe-ის ცნობით, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე სწრაფი ზრდა გასულ წელს ირლანდიის ინტერნეტ რეკლამის ბაზარმა აჩვენა, რომელმაც ჯამში 29% აჩვენა და ამ მაჩვენებლით ბულგარეთისა და პოლონეთის ბაზრებს გაუსწრო.

„იმ დროს, როცა ეკონომიკური გარემო გამოწვევების წინაშე დგას, მედია ბაზარი კი შენელებულია, ინტერნეტ რეკლამის ბაზარი ზრდას განაგრძობს და 2015 წელს კიდევ უფრო მეტი მოგება აჩვენა“, - აღნიშნა IAB Europe-ის წარმომადგენელმა.

კომპანიის ცნობით, ევროპის ინტერნეტ რეკლამის ბაზრის ზრდის მთავარი მამოძრავებელი მობილური და ვიდეორეკლამაა.