"ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირს მეტ სარგებელს მოუტანს, მაგრამ მეორე მხრივ, მეტ რისკსაც"

დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე მეტი ქვეყნისთვის.

ერთი მხრივ, ეს უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს, მაგრამ მეორე მხრივ, უფრო მეტ რისკსაც. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ შეჩერების მექანიზმზე ვიმსჯელებთ. ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა განაცხადა.

დღეს ევროკავშირის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვაზე, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

კლაას დიკჰოფის განამრტებით, აქამდე არსებული რეგულაციებით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საკმაოდ რთული იყო, თუმცა დღეს ევროკავშირის საბჭო ამ მექანიზმის ამოქმედების გამარტივებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ევროკომისიამ შეჩერების მექანიზმის გაუმჯობესების მექანიზმის წინადადებით მოგვმართა. იმედი მაქვს, დღეს ამაზე შევთანხმდებით. თუ პროცესი გეგმის თანახმად არ წავიდა, ჩვენ უფრო სწრაფი რეაგირების საშუალება მოგვეცემა“, - განაცხადა დიკჰოფმა.

შეკავების მექანიზმის თანახმად, თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომელიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდება, უფლება ექნება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს.

თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.

ევროკავშირის საბჭოში განმარტავენ, რომ შეკავების მექანიზმის გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპაში მიგრაციული სიტუაციის კონტექსტში და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებით გამოვიდა.