ოთარ დანელია აზერბაიჯანში აგროფორუმს დაესწრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის „კასპიან აგრო 2016“ ფარგლებში გამართულ აგროფორუმს დაესწრო. ფორუმში 30-მდე ქვეყნის ოფიციალური პირი და აგროსექტორის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ოთარ დანელიამ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოში აგრარული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საერთო პროექტების განხორციელება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას.

მათივე განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰეიდარ ასადოვმა ფორუმის მონაწილეებს ახალი პროექტი წარუდგინა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ანალიზის და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვას გულისხმობს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, მინისტრის პირველ მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძესთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირთან შეხვედრები გამართა.