ევროკავშირის ახალი სტრატეგია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში

ევროკავშირის პოლიტიკა ტრანსპორტის სფეროში მიმართულია ეკოლოგიური, უსაფრთხო და ეფექტური გადაადგილების სტიმულირებისკენ მთელს ევროპაში, შიდა სასაქონლო ბაზრის მხარდაჭერისაკენ და ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლების რეალიზაციისკენ.

აღნიშნული კონკრეტული მიზნების მისაღწევად აუცილებელია ეროვნული სატრანსპორტო ქსელების ურთიერთკავშირების და ინტეროპერაბელობის უზრუნველყოფა, რასაც საფუძვლად უნდა დაედოს რესურსების რაციონალური გამოყენება და მდგრადი განვითარება. ეროვნული სატრანსპორტო ქსელების ურთიერთდაკავშირებით უნდა შეიქმნას ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელი (trans-European transport network - TEN-T), რომელიც უნდა დასრულდეს 2050 წლისათვის. ევროკავშირის ტრანსპორტის კომისიას დაგეგმილი აქვს აღნიშნული პროექტის რეალიზაციის მიმოხილვა 2023 წლისათვის და, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებთან კონსულტაციების შემდეგ, მან უნდა შეაფასოს ევროპის სატრანსპორტო სისტემის სხვა ნაწილების ქსელში ჩართვის ვარიანტები. ასოცირების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში საქართველოს მხარეს შეიძლება გაუჩნდეს ურთიერთსაინტერესო პროექტების განხორციელებისა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

სტატიაში წარმოდგენილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ევროკავშირის ახალი სტრატეგიის მოკლე მიმოხილვა და მოცემულია საქართველოსათვის ყველაზე საინტერესო ევროპული დერეფნის ზოგადი დახასიათება.

2014 წლის 8 იანვარს ევროპის კომისიამ გამოაცხადა, რომ ახალი აღმასრულებელი სააგენტო ინოვაციებისა და ქსელების საკითხების შესახებ INEA (Innovation and Networks Executive Agency) ოფიციალურად იწყებს თავის საქმიანობას და უხელმძღვანელებს დაფინანსების რამდენიმე მთავარ პროგრამას. INEA წარმოადგენს ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის აღმასრულებელი სააგენტოს TEN-T EA (Trans-European Transport Network Executive Agency) მემკვიდრეს, რომელიც 2006 წელს დააფუძნა ევროპის კომისიამ თავისი TEN-T Programme-ის ფინანსური და ტექნიკური რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით.

ევროპის კომისიის აღმასრულებელი სააგენტოები ევროკავშირის სტრატეგიას ანხორციელებენ პროგრამების რეალიზაციაზე ზედამხედველობის მეშვეობით. ისინი თვალ-ყურს ადევნებენ ევროკავშირთან ერთად დაფინანსებულ პროექტებს მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე და ამ პროცესში კომისიას ფასეულ შენიშვნებს აძლევენ. გარდა ამისა, ისინი პროგრამების ბენეფიციარებს მრავალფეროვან მხარდაჭერას უწევენ და აწვდიან ინფორმაციას ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების სარგებლიანობის შესახებ.

ევროკავშირის ახალი სტრატეგია ინფრასტრუქტურის სფეროში მძლავრი ევროპული სატრანსპორტო ქსელის ექსპლუატაციაში შეყვანის შესაძლებლობას იძლევა 28 წევრ-ქვეყანაში, რაც სტიმულს მისცემს მათ ეკონომიკურ ზრდას და კონკურენტუნარიანობას. ის დააკავშირებს აღმოსავლეთს დასავლეთთან, ჩრდილოეთს - სამხრეთთან და ამჟამად არსებულ მრავალფეროვან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას შეცვლის ნამდვილი ევროპული ქსელით.

2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით ევროპის კავშირში მოქმედებდა ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელმაც განსაზღვრა კავშირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება მომავალში. პაკეტი შედგება ორი ძირითადი ელემენტისაგან - TEN-T-ის სახელმძღვანელო პრინციპები და რეგლამენტი ევროპის დაკავშირების ფონდის CEF (Connecting Europe Facility) შექმნის შესახებ. პირველი ნორმატიული აქტი განსაზღვრავს ევროპული მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არსებულ და დაგეგმილ ობიექტებს (TEN-T), აგრეთვე აუცილებელ სტანდარტებს შესაბამისი ელემენტების ინტეროპერაბელობის და თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით. მეორე აქტი არეგულირებს დაფინანსებას ევროკავშირის მხრიდან 2014-2020 წლებში, რომელიც მიმართულია ევროკავშირის მასშტაბით სატრანსპორტო ქსელების განვითარებისაკენ. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის შემუშავების წინა პერიოდთან შედარებით ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების მოცულობა აღნიშნული პერიოდისათვის სამჯერ გაიზარდა და 26 მლრდ ევროს მიაღწია.

TEN-T ორდონიანი სტრუქტურის ქსელია. ის შედგება კომპლექსური ქსელისაგან  და ცენტრალური ქსელისაგან. კომპლექსური ქსელი უზრუნველყოფს ევროპის კავშირის ყველა რეგიონის მისაწვდომობას და ურთიერთდაკავშირებას, ხოლო ცენტრალურ ქსელში შევა კომპლექსური ქსელის ის ნაწილები, რომლებსაც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ TEN-T-ის განვითარების მიღწევისათვის. გარდა ამისა, ახალ TEN-T სტრატეგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის დაკავშირებას მეზობელ ქვეყნებთან. სწორედ ამ კონტექსტშია საინტერესო ჩვენთვის ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელი.

ევროკავშირის მიზანია ცენტრალური ქსელის შექმნის დასრულება 2030 წლისათვის და კომპლექსური ქსელის - 2050 წლისათვის. მაქსიმალური შედეგების მისაღწევად აუცილებელია წამოწყებული მოქმედებების რაც შეიძლება უმაღლესი დონის კოორდინაციის უზრუნველყოფა. აღნიშნული გეგმის რეალიზაციას ბიძგი უნდა მისცეს ცენტრალური ქსელის ცხრა დერეფნის შექმნამ.

იხილეთ გაგრძელება