აჭარის მთავრობა - ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღის გაშენება საკურორტო სეზონის დაწყებამდე დასრულდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სულხან ევგენიძესთან ერთად, ციხისძირში ახალი პარკის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღის გაშენება საკურორტო სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, ასოციაცია “ატუს” დაკვეთით, საქართველოში შემოიტანეს 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, რომელთა უდიდესი ნაწილი უკვე დარგულია ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

დღეისთვის უკვე დარგულ იშვიათი ჯიშის ხეებს შორის არის 16 ლირიოდენდრონი (ტიტას ხე), 9 სექვოია, 10 მეტასექვოია, 9 მარადმწვანე მუხა, 8 ოქროსფერი კვიპაროსი, 4 ჰიმალური კედარი და ა.შ. უნიკალური ხეების გარდა, ასოციაცია “ატუ”-ს ინიციატივით, სოფელ ციხისძირში მიმდინარეობს წყალგაყვანილობის, გზის დაგებისა და გარე განათების სამუშაოები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ატუს საჩუქარი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულებაში გადავა.

2016 წლის საკურორტო სეზონზე ციხისძირს უკვე ექნება 4000 კვ.მ ფართობზე გაშენებული კეთილმოწყობილი ბაღი ზღვის პირას, გამართული წყალგაყვანილობა, მოასფალტებული და განათებული შიდა გზა, რაც ერთობლიობაში ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.

"როცა ამ ტერიტორიიდან ხის გადარგვა ხდებოდა, არაერთხელ განვაცხადე, რომ ამ ოპერაციის შემსრულებელი კომპანია, მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყობდა რეკრეაციულ ზონას ბათუმელებისა და ტურისტებისათვის. ასევე აქ მცხოვრებლებისთვის იქნებოდა გაყვანილი გზა, წყალი და განათება. ჩვენ ახლა ამ პროცესს ვესწრებით. წყლის გაყვანის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. განათება უკვე მოწყობილია, სულ მალე ასფალტიც დაიგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. ჩვენ ერთი ხის ნაცვლად, რომელშიც თანხა გადავახდევინეთ კომპანიას და საზოგადოებრივი დანიშნულების დენდროლოგიურ პარკში გადაირგო, მივიღეთ ახალი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ასოციაცია “ატუს ინიციატივას ტექნიკურად უზრუნველყოფს საინჟინრო-სამშენებლო კომპანია “ზიმო”, რომელმაც პროექტის განხორციელებისას ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები დაასაქმა, რითაც მათ ოჯახებს დამატებითი შემოსავალი გაუჩინა.