პოლონეთი რუსულ გაზზე უარს იტყვის

პოლონეთის ხელისუფლება რუსულ „გაზპრომთან“ გრძელვადიანი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში პიოტრ ნაიმსკიმ განაცხადა.

„თუ რუსული გაზის ფასი კონკურენტუნარიანი იქნება, რუსული გაზის შეძენას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ეს გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში არ მოხდება“, - განაცხადა მან.

კონტრაქტი „გაზპრომსა“ და პოლონეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ კონცერნ PGNiG-ს შორის 1996 წელს გაფორმდა.

"როიტერის" ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ვადა 2022 წელს ეწურება, პოლონეთი რუსეთისგან წელიწადში 10,2 მილიარდ კუბომეტრამდე გაზს ყიდულობს. საერთო ჯამში, პოლონეთი წლიურად 15 მილიარდ კუბომეტრ გაზს მოიხმარს.

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, პოლონეთი თხევადი გაზის პირველი ტერმინალის მშენებლობას გეგმავს. პიოტრ ნაიმსკის თქმით, აღნიშნული ტერმინალის საშუალებით პოლონეთი წლიურად 5 მილიარდ კუბომეტრამდე გაზის იმპორტირებას შეძლებს.

გარდა ამისა, პოლონური PGNiG  განიხილავს გაზსადენის მშენებლობას, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, მოახდინოს გაზის ტრანსპორტირება ნორვეგიიდან დანიისა და ბალტიის ზღვის გავლით. აღნიშნული პროექტის დაწყება 2022 წლისთვის იგეგმება.