იტალიის ვაჭრობის სააგენტო და საქართველოში იტალიის საელჩო ”იტალიური ფესტივალი - 2016-ს“ თბილისში აღნიშნავენ

იტალიის ვაჭრობის სააგენტო (ICE) და საქართველოში იტალიის საელჩო ”იტალიური ფესტივალი 2016-ს“ თბილისში აღნიშნავენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება და წელს თბილისში პირველად აღინიშნება.

როგორც საელჩოში აცხადებენ, მისი მიზანია მოხდეს იტალიური კულტურის და Made in Italy-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება და უკეთ წარმოჩენა საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ”იტალიურ ფესტივალს“ საზეიმოდ გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართველოს მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი.

საელჩოს ინფორმაციით, საღამოს ფარგლებში მოხდება ცნობილი იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსის და აქსესუარების ჩვენება/პერფორმანსი, რომელიც ხორციელდება საქართველოში მათი ოფიციალური წარმომადგენლის, მაღაზია NEW TREND-ის მიერ.

”ჩვენების ბექსთეიჯში იმუშავებს სილამაზის ინდუსტრიის კიდევ ერთი წამყვანი იტალიური ბრენდი ALDO COPPOLA. ღონისძიებაზე ასევე სხვა ბრენდების სპეციალური კუთხეები იქნება მოწყობილი.

მოდის ჩვენების შემდგომ გაიმართება გამორჩეული იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი იტალიური დროშების ექსკლუზიური კოლექციის გამოფენა, რომელიც იტალიის მოდის ნაციონალურ აკადემიასთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

აღნიშნული გამოფენა გაიხსნება თბილისში სპეციალურად „იტალიური ფესტივალი 2016“-ის ფარგლებში და ნამუშევრები დარჩება მუზეუმში 2-6 ივნისის განმავლობაში.

მოწვეულ სტუმარებს შესაძლებლობა ექნებათ შეიგრძნონ იტალიური გარემო ასევე იტალიური პროდუქციის დაგემოვნებით (კვების და სასმელი პროდუქტებით), რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ღონისძიების პარტნიორი კომპანიების მიერ.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმში იტალიური ფესტივალის გახსნის პროცესში ასევე გამოფენილი იქნება ცნობილი იტალიელი სკულპტორის, ბრუნო ბრუნის ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმში დარჩება 3 ივლისამდე.

მუზეუმის შემოსასვლელს ასევე დაამშვენებს იტალიური საავტომობილო ბრენდი Maserati-ს მანქანების გამოფენა”, - აცხადებენ საელჩოში.

მათივე ინფორმაციით, ”იტალიური ფესტივალი 2016-ზე“ მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის საპატიო წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წამომადგენლები.

იტალიის ვაჭრობის სააგენტო (ICE) არის იტალიის სამთავრობო უწყება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა Made in Italy-ის პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.

სააგენტოს წარმომადგენლობა თბილისში გაიხსნა 2016 წელს, რომლის ამოცანაა იტალიურ და ქართულ კომპანიებს სხვადასხვა სექტორებიდან ხელი შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში.