თბილისის მერიასთან გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია იმართება

თბილისის მერიასთან გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გარე ვაჭრობის აკრძალვა. აქციის მოვაჭრეების თქმით, გარემოვაჭრეები ხელს უშლიან იმ პირებს, რომლებიც პატიოსანი გადამხდელები არიან და ბაზრობაზე მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილს ქირაობენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ წარმომადგენლებთან ამ წუთებში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები შეხვედრას მართავენ. აქციის მონაწილეთა თქმით, მათი წარმომადგენლები მერიის თანამშრომლებს გააცნობენ ბაზრობებზე არსებულ სიტუაციას და მათ მოგვარების თხოვნით მიმართავენ.

თუ როგორ გაგრძელდება საპროტესტო აქცია, აქციის მონაწილეთა თქმით, დამოკიდებულია შეხვედრის შედეგებზე.