"საქართველოში დასაქმებულად მიიჩნევა ისეთი ხალხი, ვისაც მიზერული შემოსავალი აქვს და თავისი შემოსავლით ოჯახს ვერ ინახავს"

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში უმუშევრობის დონე თანდათან მცირდება:

გასულ წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 12% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ უმუშევართა რიცხვი ქვეყანაში, 2014 წელთან შედარებით, 0,4 პროცენტით შემცირდა. ოფიციალური სტრუქტურები აცხადებენ, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია. იმავე 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, მოსახლეობის დასაქმების დონე 1.4%-ით არის გაზრდილი. დასაქმებულთა რაოდენობამ მოიმატა როგორც ქალაქებში, ასევე - სოფლად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მონაცემებს უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მთავრობის წევრებიც იზიარებენ მოსაზრებას, რომ ქვეყნაში ამ მიმართულებით სიტუაცია გაუმჯობესებულია.

თუმცა, ამ მონაცემების მიუხედავად, დასაქმება კვლავ რჩება საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად.

„საქსტატის“ ხელმძღვანელის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სტატისტიკის სამსახურმა მოცემული ციფრები მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით იანგარიშა: 2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 3 729 635 ადამიანი ცხოვრობს და სწორედ მათი 12 პროცენტია ოფიციალურად უმუშევარი.

ამ მონაცემებს არა ერთი ეკონომისტი აკრიტიკებს, მათ შორის არის ექსპერტი გია ხუხაშვილი:

„უმუშევრობის სტატისტიკა საქართველოში მუდმივი მანიპულაციის საგანია, რადგან მისი გამოთვლისას გვხვდება ბევრი ნიუანსი, რომლით მანიპულირებაც ძალიან ადვილია: შეგიძლია ყველაფერი ისე დათვალო, როგორც გინდა, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი ხშირად პოლიტიკურ შეკვეთით ხდება. აღნიშნულ მონაცემებში ბევრი უზუსტობაა თუნდაც იმის გამო, რომ თვითდასაქმებულის დეფინიცია დღემდე გაუგებარია და სოფელში მცხოვრები ყველა ადამიანი ავტომატურად მიიჩნევა დასაქმებულად. გარდა ამისა, დასაქმებულად მიიჩნევენ ხალხს, რომელიც საქმეს თვიდან თვემდე ელოდება. თუნდაც ელიავას ბაზრობის მუშახელი ავიღოთ: იქ ადამიანი ზოგჯერ თვეობით ელოდება, რომ რაღაც შეკვეთა მიიღოს და შემოსავალი გაუჩნდეს. ასე რომ, ჩემი აზრით, ოფიციალური სტატისტიკა როგორც ადრე, ახლაც არაფრის მთქმელია. ხელისუფლება მისი წყალობით მუდმივად მანიპულირებს და ვირტუალური კეთილდღეობის სურათებს ხატავს. ყველა ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ თავისი მიღწევები წინ წამოსწიოს, ამიტომ იძულებულია კიდევ უფრო დაამახინჯოს არსებული ვითარება. რიგითი ადამიანების აზრი კი, სტატიკისაგან ძირეულად განსხვავდება. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს დასაქმებული და თავს დასაქმებულად არ აღიქვამდეს? სად - 12% და სად - 60%, რა მოვუხერხოთ იმას, რომ გამოკითხვების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 60% თავს უმუშევრად მიიჩნევს?! ამ ფონზე იმის თქმა, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%, ყველა ლოგიკურ და გონივრულ ზღვარს სცილდება. უკვე წლებია, სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში არსებულ რეალობას ვერ ასახავს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ დახშული წრიდან დღემდე ვერ გამოვედით“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა კი აცხადებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში მართლაც გაზრდილია, მაგრამ ეს საერთო ფონს ვერ ცვლის.

„2013-2015 წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 55, 9 ათასით გაიზარდა, მაგრამ პრობლემა იცით რაშია? - რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა, როდესაც კლების ტენდენცია ზრდით შეიცვალა, მაგრამ როდესაც სამუშაო ძალა ქვეყანაში 2 მილიონს შეადგენს, 55 ათასი მისი ძალიან მცირე ნაწილია. როდესაც დაქირავებულთა რაოდენობა 90,8 ათასით იზრდება, ეს მთელი სამუშაო ძალის მხოლოდ 4,4%-ია და ბუნებრივია, დანარჩენი 96% ამას ვერ გრძნობს. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ დასაქმებულთა, ან დაქირავებულთა რაოდენობა არ გაიზარდა. რა თქმა უნდა, გაიზარდა, მაგრამ სამუშაო ძალის 4,4%-ის დასაქმება დანარჩენ 96 პროცენტისთვის განწყობას ვერ ქმნის. რაც მთავარია, უკუსვლის და შენელების პროცესი გადავლახეთ, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს მოსახლეობამ იგრძნოს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე კი ამბობს, რომ სტატისტიკა ხშირად საერთაშორისო ნორმებს ექვემდებარება და ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია.

„საქმე ის არის, რომ ჩვენთან დასაქმებულთა დიდი ნაწილი მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობს. ამის ბრალია, რომ საქართველოში ამდენი შრომითი მიგრანტი გვყავს. ამიტომ, ეს მაჩვენებელი მალავს რეალობას, მალავს ხალხს, რომელიც თითქოს დასაქმებულია, მაგრამ თავისი შემოსავლით ნორმალურ არსებობას ვერ ახერხებს. ავიღოთ თუნდაც ქალაქი და სოფელი: ქალაქად უმუშევრობის დონე 4-5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სოფლად, მაგრამ შემოსავალი ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს რამდენჯერმე მეტი აქვთ. ეს ერთგვარი პარადოქსია - უმუშევრობა სოფლად თითქოს მცირეა, მაგრამ შემოსავალიც მიზერულია. გამოდის, რომ ეს ხალხი ვირტუალურად არის დასაქმებული: აქვს ბარი, თოხი, მუშაობს, მაგრამ მისი ეკონომიკური მდგომარეობა წლიდან წლამდე არ უმჯობესდება. საქართველოში დასაქმებულად მიიჩნევა ისეთი ხალხი, ვისაც მიზერული შემოსავალი აქვს და თავისი შემოსავლით ოჯახს ვერ ინახავს“, - ამბობს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, ვინაიდან საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა, ვალდებულია იმოქმედოს და იმუშაოს თამაშის იმ წესებით, რასაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სთავაზობს. „ამ წესის მიხედვით კი, უმუშევრად მიიჩნევა ის, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეძებდა სამუშაოს, ჰქონდა მუშაობის დაწყების სურვილი და მზად იყო მუშაობის დასაწყებად, ხოლო დასაქმებულად მიიჩნევა ის, ვისაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა ანაზღაურება ფულით, ან ნატურით. უმუშევართა რაოდენობის დათვლა „საქსტატის“ მიერ სწორედ ამ წესის მიხედვით ხდება“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე