ავსტრია საქართველოს ტურიზმის სფეროს განვითარებაში დაეხმარება

ავსტრია საქართველოს ტურიზმისა და მომსახურების სფეროში პროფესიული განათლების დანერგვაში დაეხმარება.როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, ამ თემაზე საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო პალატები შეთანხმდნენ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ავსტრიის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტს მარტა შულცს შეხვდა. გარდა ამისა, შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველო-ავსტრიის კიდევ ერთი ბიზნეს ფორუმი ვენაში, სექტემბერში გაიმართება.

საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმმა ავსტრიულ ბიზნეს-სექტორში მაღალი ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებაზე 60-მდე ადგილობრივი კომპანია დარეგისტრირდა. დაიგეგმა 80-მდე ორმხრივი შეხვედრა.

ღონისძიება საქართველოს პირველი დიპლომატის - მიხეილ ჯანელიძის ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა. მთავარი თემები აგროსექტორი, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა იყო, რომელსაც ღონისძიებაზე ცალკე პანელი დაეთმო. ფორუმის გახსნამდე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით პირველი დიპლომატი და პალატის პრეზიდენტი საქართველოდან ჩასულ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.