სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ახალ სარაგბო კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ახალ სარაგბო კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. თანამედროვე სტანდატების შესაბამისი ახალი სარაგბო კომპლექსი მუხიანის დასახლებაში IV მ/რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, 42 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

პროექტის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება დღეს გაიმართა. ცერემონიალს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიის მაღალჩინოსნები, რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები, საქართველოს რაგბის ნაკრების წევრები და პატარა მორაგბეები.

მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე დავით ნარმანიამ, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ”საბა კონსტრაქშენის” დირექტორმა ლევან თარგამაძემ სიმბოლურ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც კაფსულაში მოთავსდა. მათ მშენებლობის დაწყებას კაფსულის ჩადებით ჩაუყარეს საფუძველი.

”საბა კონსტრაქშენის” დირექტორის ლევან თარგამაძის ინფორმაციით, მშენებლობის ხანგრძლივობა 9 თვეა. რაგბის სტადიონი 2017 წლის 12 თებერვალს გაიხსნება. მშენებლობის პროცესში 100-150 ადამიანი დასაქმდება.

”სარაგბო კომპლექსში გათვალისწინებულია სამი სტადიონის მოწყობა, იქნება საერთაშორისო სტანდარტების ორი ხელოვნური და ერთი - უნიკალური ბუნებრივი საფარით. ახალი მოედანი რაგბის 2017 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ”საბა კონსტრაქშენი” საკმაოდ მსხვილ პროექტებს ახორციელებს. კომპანია ხარისხიანად და დათქმულ ვადებში ასრულებს სამუშაოებს. ამის გამო, ”საბა კონსტრაქშენი” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში იმყოფება”, - აღნიშნა ლევან თარგამაძემ.

საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი - 20 ათას კვ.მ-ს მოიცავს. პროექტს თბილისის მერია აფინანსებს და მისი ღირებულება 6.300.000 ლარია.

სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენი" 2012 წლის აპრილში შეიქმნა.

კომპანიის მიერ უკვე განხორციელებული პროექტებია: “ჯინო ფერედაისი“, სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“, თიანეთის იუსტიციის სახლი, სოფლების მუხრანისა და აბანოს საჯარო სკოლები, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი და სხვა.

განხორციელების სტადიაშია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი: ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბათუმში, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი გორში, სტუდქალაქი ლისის ტბაზე, ნარეკვავის წყალსაცავი, ქუთაისის ახალი ცენტრალური არქივი, ხაშურის სავაგონე დეპო, საბაჟო- გამშვები პუნქტი ლაგოდეხი და სხვა.