სამცხე-ჯავახეთში უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი იწყება

სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი “ხიზაბავრის მესხური ტერასების” ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი იწყება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

ვაზის პირველ ნერგებს, ასპინძის რაიონში, მესხური ტერასების ტერიტორიაზე, დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და „ვარძიის ტერასების“ დირექტორი გიორგი ნათენაძე ჩაყრიან.

”რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა. მესხური ტერასების აღდგენით სამცხე-ჯავახეთში მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდება. სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მესხური ტერასების პროექტის წარდგენის შემდეგ, ვარძიის მიმდებარე უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარძიასაც ესტუმრება და კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნობა.