როგორ შევარჩიოთ ბინა

დედაქალაქში ბინის შესაძენად ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. მათ შორის, მნიშვნელოვანია უბნის ან ქუჩის ეკოლოგიური მდგომარეობა. თბილისი ეკოლოგიურად დაბინძურებული ქალაქია, - ხშირად გაიგონებთ ამ ფრაზას საკითხში მეტ-ნაკლებად გარკვეული, ან უბრალოდ უჰაერობით შეწუხებული მოქალაქეებისგან. თუმცა, როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ჯერ ყველაფერი ასე მძიმედ არ არის. მართალია, მრავალი ფაქტორისა და მათ შორის, უწესრიგო განაშენიანების გამო ჰაერი მნიშვნელოვნად დაბინძურებულია, თუმცა, საშიშ ზღვრამდე ჯერ კიდევ არ მისულა.

მარინე არაბიძე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის უფროსი:

თბილისში ჰაერის მდგომარეობა მუდმივად კონტროლდება ორი სახის მონიტორინგით - რუტინულით და ინდიკატორულით. რუტინულს ყოველდღე ვაწარმოებთ ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე, სადაც ავტომობილების დიდი მოძრაობაა. ინდიკატორული კვლევებისთვის კი ქალაქის სხვადასხვა წერტილში ვკიდებთ სპეციალური ხსნარით დამუშავებულ პარკებს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში შთანთქავენ ატმოსფეროში არსებულ დაბინძურებას. შემდეგ, ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ვასახელებთ დაბინძურების ოთხ ინდექსს. დაბალი ინდექსი ნიშნავს, რომ საგანგაშო არაფერია. საშუალო - 1-2 ნიშნულამდე მერყეობს და ჯერ კიდევ არ არის საგანგაშო. თუ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა 2-დან 3-მდე აიწია ან გადააჭარბა, ეს დაბინძურების მაღალ ინდექსად, ანუ ძალიან ცუდ მდგომარეობად მიიჩნევა. საბედნიეროდ, თბილისში საგანგაშო მაჩვენებლები ჯერ არ გვაქვს.

- შეგვიძლია გამოვკვეთოთ სურათი - უბნებია დაბინძურებული, თუ კონკრეტული ქუჩები?

- უმჯობესია, ვილაპარაკოთ ქუჩებზე, სადაც კვლევა ჩატარდა. არის ქუჩები, სადაც ტრანსპორტი ბევრია და არ ნიავდება. არის ქუჩები, სადაც გადატვირთული მოძრაობაა, მაგრამ ნიავდება და საშიში არაფერია. ჯერ უბნების მიხედვით კვლევები არ გვაქვს, უახლოეს პერიოდში ვაპირებთ დაწყებას და ვფიქრობთ, ხუთი წლის შემდეგ გვექნება საბოლოო მასალები...

ვიდრე მეცნიერულად დადგენილა, რომელია თბილისის ყველაზე დაბინძურებული ან პირიქით, ეკოლოგიურად სუფთა უბნები, ისღა დაგვრჩენია, საკუთარ ინტუიციას ვენდოთ და მას შემდეგ, რაც უბანს ან ქუჩას შევარჩევთ, სასურველი ბინის ძიება დავიწყოთ. სამშენებლო კომპანიის კონსულტანტი რამაზ ღვინეფაძე გვირჩევს, რომ ამ პროცესში სპეციალისტიც ჩავრთოთ...

რამაზ ღვინეფაძე

- ვიდრე ბინის მოძებნას დაიწყებთ, განსაზღვრეთ პრიორიტეტები. თუ თქვენი მთავარი პრიორიტეტი ფასია და მიიჩნევთ, რომ რაც შეიძლება იაფად უნდა შეიძინოთ ბინა, მაშინ სხვა დანარჩენი აზრს კარგავს...

მივყვეთ თანმიმდევრულად, თუნდაც ჩემი კლიენტის მაგალითზე. მას ბევრი ფული არ აქვს, მაგრამ ცდილობს, მოიძიოს კერძო სახლი ეზოთი, თუმცა, თბილისის პერიფერიებში ცხოვრება არ სურს, ცენტრალურ უბნებში კი მსგავსი ტიპის საცხოვრებელს ვერ შეწვდება. ამიტომ გადაწყვიტა, იცხოვროს ცენტრალურ უბანში, ოღონდ მაღალსართულიან კორპუსში, თუმცა ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოს, რომელიც ხმაურიანი არ არის და კარგადაც ნიავდება. ამასთან, ტრანსპორტიც იოლად უნდა უდგებოდეს. შესაძლოა, ვიღაც მარტივად იღებს გადაწყვეტილებას - ვთქვათ, ვაკე მოსწონს და ზედ ჭავჭავაძეზეც შეუძლია შეიძინოს ბინა, მაგრამ ჩემი კლიენტი ყველაფერს გონივრულად განსაზღვრავს. მიიჩნევს, რომ შესაძლოა ჭავჭავაძის გამზირზე შეიძინოს ფართი, მაგრამ სასტუმროდ ან სხვა კომერციული დანიშნულებისთვის ვარგოდეს, საცხოვრებლად კი - არა. საცხოვრებელ ბინას სრულიად განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ფანჯრიდან ან აივნიდან გადახედვისას უნდა გრძნობდეთ სივრცეს, რომელიც თქვენს თვალსაწიერს არ შეზღუდავს და არ დაგღლით. უნდა გრძნობდეთ ჰაერს, ანუ ადგილი, სადაც სახლი უკვე აშენებულია ან შენდება, უნდა ნიავდებოდეს. მერწმუნეთ, რაც უნდა კომფორტულად მოიწყოთ საცხოვრებელი, ვერ ჰპოვებთ ჰარმონიას თუ ჩახუთულ გარემოშია და ფანჯრიდან გახედვის კი არა, მისი გამოღების სურვილიც კი არ გაქვთ. დროთა განმავლობაში აუცილებლად დაიწყებთ სხვაგან გადასვლაზე ფიქრს...

როდესაც ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩევთ კორპუსს, უნდა გაარკვიოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, სახლის მდგრადობის საკითხი. მოიკითხოთ და დაათვალიეროთ პროექტი. თუ დარღვევით არის აშენებული, გარეგნულადაც ეტყობა კონსტრუქციას.

- დილეტანტმა როგორ უნდა განსაზღვროს ეს?

- ამიტომაც სპეციალისტია საჭირო... კონსტრუქციის მედეგობაზე მეტყველებს მიწისქვეშა სართულების რაოდენობაც, ბეტონის ხარისხი და ა. შ. ერთ-ერთ სახლში მინუს სართულს ქვემოთ ჩასვლა მოვითხოვე. მინუსს ეძახიან მიწისპირა სართულს, მის ქვემოთ კი, ძირითადად, ავტოფარეხებია. მშენებლებმა ჯერ იუარეს, შუქი არ არის და ვერაფერს ნახავო, ბოლოს მაინც დავიყოლიე, ავტოფარეხის ჩასასვლელი მაინტერესებს-მეთქი. არადა, მინდოდა მენახა, იდგა თუ არა წყალი და კედლების სისქე როგორი იყო... ცოტა წყალიც ძალიან ცუდია, დიდი რაოდენობით კი სახლს დაანგრევს. ე. ი. სადღაც იზოლაციის პროცესია დარღვეული.

- იმ შემთხვევაში, თუ კონსტრუქცია მყარია, ჰაერი არ არის დაბინძურებული, ფასიც მისაღებია, რაღაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

- ავტოფარეხი ან ავტოსადგომი თუ აქვს, რამდენად გამწვანებულია გარემო, რა მანძილია ავტომობილების სავალი ნაწილიდან ბინამდე, მანქანების ხმაურმა და გამონაბოლქვმა რომ არ შეგაწუხოთ. იქვე ახლოს კაფე-ბარები, რესტორნები და დისკოთეკები ხომ არ არის, რომ ღამით მოსვენება არ დაკარგოთ და ა. შ. შეგიძლიათ გაიკითხოთ, რა მდგომარეობაშია ხალხი ძველ თბილისში, ტურისტულ ზონაში, სადაც კაფე-ბარებიდან გასული ხმაური და მუსიკა არ აძინებთ. თუ ცხოველების მოყვარული ხართ, ბინის შეძენისას აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ, არის თუ არა ძაღლის გასასეირნებელი გარემო.

- როგორი ბინის ყიდვა სჯობს, შავი თუ თეთრი კარკასის?

- შავი და თეთრი კარკასი ქართული ტერმინებია. სინამდვილეში, რასაც ჩვენ თეთრს ვეძახით, შავია. შენობაში, აუცილებლად უნდა იყოს ლიფტი, კომუნიკაციები, დენი, წყალი, გაზი, კანალიზაცია, სადარბაზო მოპირკეთებული და მოწესრიგებული. თუ ეს ყველაფერი არ არის, იმ სახლში ბინის ყიდვას არ გირჩევთ... ხშირად ხდება ისე, რომ მშენებელი სახლის დასრულებას ვეღარ ახერხებს და მოსახლეობას თავისი სახსრებით უწევს ამ ყველაფრის მოწესრიგება. ხშირია შემთხვევები, როდესაც მობინადრე ბინის გაფორმებასაც ვერ ახერხებს რიგი პრობლემების გამო, ეს სწორედ იმის ბრალია, რომ თავის დროზე იჩქარა და არ შეეცადა, ყველა დეტალში გარკვეულიყო...

- მწვანე კარკასი რას ნიშნავს?

- მწვანე კარკასი ნიშნავს გამწვანებულ სახურავს, ტერასას და ა. შ. რაც ძალიან ძვირი დაუჯდება მშენებელს. ასეთი რამ საქართველოში არ არსებობს და თუ ვინმე გეტყვით, რომ მწვანე კარკასს გთავაზობთ, გატყუებთ.

ეკა ლომიძე

ჟურნალი "TOP რეიტინგი"