დიმიტრი ქუმსიშვილი - ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვიზალიბერალიზაციის მიღების შესაძლო გაჭიანურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოში კრიმინალის დონე ძალიან დაბალია.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები იყვნენ დარწმუნებული, რომ საქართველო მათთვის არის მართლაც რომ კეთილსინდისიერი პარტნიორი. კრიმინალის დონე ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალია. მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში კრიმინალის დონის მიხედვით მე-6 ადგილზეა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კრიმინალის დონე გვაქვს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება გერმანიას, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შს მინისტრმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

„ასევე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები საფრანგეთში ყოფნის დროს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიიღებენ სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.