ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანს სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის ერთმანეთთან დაკავშირება სურს

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანს სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის ერთმანეთთან დაკავშირება სურს. ამის შესახებ როუჰანიმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ შავი ზღვა და სპარსეთის ყურე სომხეთის გავლით დავაკავშიროთ ერთმანეთს“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მიმდინარე წლის იანვარში სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა ირანში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ერევანსა და თეირანს სურთ ახალი სატრანსპორტო კორიდორის გახსნა, რომელიც სპარსეთის ყურიდან ირანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით შავ ზღვაზე გავა.

აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის იანვარში ირანისა და სომხეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.