გიგლა აგულაშვილი - რამდენიმე ადგილი გვაქვს, სადაც მტვრის ნაწილაკების სიჭარბის გამო სახარბიელო მდგომარეობა არ არის

მინისტერიალის ძირითადი საკითხები არის სუფთა ჰაერი, მწვანე ეკონომიკის განვითარება და შესაძლებლობები, ასევე, განათლება გარემოს დაცვითი საკითხების მიხედვით , - ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციის „გარემო ევროპისთვის“ განსახილველ თემებზე კომენტირების დროს განაცხადა.

გიგლა აგულაშვილის განმარტებით, საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით უკეთესი მდგომარეობაა. მისივე განმარტებით, სატრანსპორტო კვანძებით დატვირთულ ადგილებში სახარბიელო მდგომარეობა არ არის, თუმცა არც კრიტიკული მდგომარეობაა. მინისტრის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს დაეხმარება ამ მხრივ შედეგის გაუმჯობესებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა, მასში მონაწილეობას იღებს 56 ქვეყნის დელეგატი. ვფიქრობთ, მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებში და მთლიანად ევროპულ რეგიონში გარემოსდაცვითი საკითხების უკეთეს მენეჯმენტს და მოსახლეობის უკეთეს საცხოვრებელ პირობებში ცხოვრების უზრუნველყოფას. სისტემატურად ვაუმჯობესებთ მონიტორინგს და მონიტორინგთან ერთად შემოგვაქვს ახალი მექანიზმები, რამაც უნდა უზრუნველყოს ჰაერის ხარისხის უკეთესი სურათი. ის მონაცემები, რომელიც საქართველოში ბოლო დროს 60 წერტილში იზომება, არ არის საგანგაშო. გვაქვს რამდენიმე ადგილი, ურბანულ დასახლებებში, განსაკუთრებით სატრანსპორტო კვანძებით დატვირთულ ადგილებში, სადაც გამონაბოლქვის და მტვრის ნაწილაკების სიჭარბის გამო მთლად სახარბიელო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ის არ არის კრიტიკული. კონფერენციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, ვფიქრობ, მოგვეხმარება იმაში, რომ ვითარება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.

კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი ესწრება.