„გლობალური მშვიდობის ინდექსში“ საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

2016 წლის „გლობალური მშვიდობის ინდექსში“ საქართველოს პოზიცია ექვსი პუნქტით გაუარესდა და მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 85-ე ადგილი ერგო. ქვეყანაში მშვიდობის დონე „საშუალო შკალით“ არის შეფასებული.

თუმცა, რეგიონში საქართველო მოლდოვასა და ყაზახეთის შემდეგ მესამეა.

ინდექსის თანახმად, მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია, ლტოლვილთა რაოდენობამ კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია.

ამასთან ერთად, ევროპა კვლავაც რჩება ყველაზე მშვიდობიან რეგიონად მსოფლიოში, თუმცა ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში ტერორისტული აქტების რაოდენობა საგრძნობად გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტები მსოფლიო ეკონომიკას მშპ-ის 13% უჯდება, რაც დაახლოებით 13,6 ტრილიონი დოლარია.

გლობალური მშვიდობის ინდექსი "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" მიერ შემუშავებული მეთოდია, რომელიც სხვადასხვა ინდიკატორების საშუალებით მსოფლიოში მშვიდობიანობის დონეს ზომავს.

ინდექსის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა კრიმინალის აღქმა, მკვლელობები, დაპატიმრებული მოსახლეობა, იარაღის ხელმისაწვდომობა, ორგანიზებული კონფლიქტი (შიდა), ძალადობრივი დემოსტრაციები, პოლიტიკური არასტაბილურობა, პოლიტიკური ტერორი, იარაღის იმპორტი, ტერორისტების აქტივობა, სიკვდილიანობა კონფლიქტისას (შიდა), სამხედრო დანახარჯები, შეიარაღებული სერვისის პერსონალი, გაეროს მშვიდობისმყოფლების დაფინანსება, ბირთვული და მძიმე შეიარაღება, იარაღის ექსპორტი, ადგილნაცვალი პირები, ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ა.შ.

”გლობალური მშვიდობის ინდექსის” თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა ისლანდიაა. მშვიდობიანი ქვეყნების ხუთეულში ასევე მოხვდნენ დანია, ავსტრია, ახალი ზელანდია და პორტუგალია. ყველაზე არამშვიდობიან ქვეყანად კი სირია დასახელდა. ბოლო ხუთეულში ასევე არიან ერაყი, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი და სომალი.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ინდექსის თანახმად, რუსეთი 163 ქვეყანას შორის 151-ე პოზიციაზეა, უკრაინა - 156, თურქეთი - 145-ე, სომხეთი - 110-ე, აზერბაიჯანი - 134-ე, ხოლო მოლდოვა 65-ე პოზიციაზეა.

"გლობალური მშვიდობის ინდექსში" საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 149 ქვეყანას შორის 142-ე ადგილზე იყო, 2011 წელს – 153 ქვეყანას შორის 134-ე ადგილზე, 2012 წელს – 158 ქვეყანს შორის 141-ე, ხოლოდ 2013 წელს 162 ქვეყანას შორის 139-ე პოზიცია ეკავა, 2014 წელს - 99-ე, 2015 წელს კი 79-ე პოზიციაზე იყო.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე