გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე დღეს ენერგეტიკის თემაზე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და თბილისში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება - ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა“ მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, მაკკეინის ინსტიტუტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულების დირექტორი დევიდ კრამერი, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ედუარდ ჩოუ. ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მოღვაწეები და ენერგეტიკის დარგის ექსპერტები, ოპოზიციის წარმომადგენლები, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის ევროპის და შეერთებული შტატების გამოცდილი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მეცნიერები და ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.