"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის მოსახლეობას დღეს პირველი ანგარიში ჩააბარა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა ეკა ბერიძემ განაცხადა, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დღეიდან პროექტს ”ანგარიში თბილისს” იწყებს, რომლის ფარგლებშიც, რეგულარულად, თვეში რამდენჯერმე, კომპანიის მენეჯმენტი თბილისის მცხოვრებლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.

პირველი პრესკონფერენციის თემა 2016 წლის სარეაბილიტაციო პროექტები და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახლად დანერგილი კონცეფცია - ბიზნესცენტრების მოდელი იყო.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ოპერაციების დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა კომპანიის სარეაბილიტაციო გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წელს კომპანია წყალმომარაგების ქსელის 100 კილომეტრზე მეტს განაახლებს. სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის ყველა უბანშია დაგეგმილი, რაც დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემას მნიშვნელოვნად განავითარებს.

”კომპანიას საკმაოდ დიდი და მასშტაბური პროექტები აქვს დაწყებული. დაახლოებით, 140 ქუჩა წლის ბოლომდე გაკეთდება. უკვე 40 ქუჩაზე სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. მიმდინარე, დაახლოებით, 30 პროექტი კი თვის ბოლოსთვის დასრულდება. ეს ქუჩები ეკუთვნის თითქმის ყველა რაიონს, კერძოდ, ისანს, სამგორს, ვაკეს, საბურთალოს, დიდუბეს და ა.შ. აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ბევრ უბანს ბევრად უფრო უკეთესი წყალმომარაგება ექნება, ვიდრე აქამდე ჰქონდა”, - განაცხადა კიკალიშვილმა და დასძინა, რომ გარდა ამისა, კომპანია საკმაოდ ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

თბილისის მთავარმა დისპეტჩერმა თემურ ჯანელიძემ ე.წ. ურდულების პროექტის შესახებ ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია დედაქალაქის მასშტაბით 6 000 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს, ”შედეგად, ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული წყალმომარაგების შეწყვეტის არეალი მინიმუმადე შემცირდება”.

”გარდა ქსელების რეაბილიტაციისა, კომპანია დიდ ინვესტიციებს ახორციელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების განახლებასთან დაკავშირებით. ქსელში წყლის დისტრიბუციისა და მისი განაწილებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ახალი ევროპული სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის მონტაჟი. წელს 500-მდე ურდული შეცვლილი გვაქვს და მომავალ წლებში ვაპირებთ, რომ მსგავსი სამუშაოების ჩატარება გავაგრძელოთ. წლის ბოლომდე საერთო ჯამში, ვგეგმავთ, რომ 1000-ზე მეტი ურდული შევცვალოთ”, - განაცხადა თემურ ჯანელიძემ.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ პროექტებზე დამატებით, 300-დან 400 ადამიანამდეა დასაქმებული.

გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი კონცეფციის - ბიზესცენტრების მოდელზეც ისაუბრეს, რომლის თანახმადაც, თბილისი წყალმომარაგების ზონებად დაიყოფა და თითოეულ ზონაზე პასუხისმგებლობას კონკრეტული ბიზნესცენტრი აიღებს, რაც მათი თქმით, საშუალებას მისცემს კომპანიას, უკეთ მართოს საკუთარი ინფრასტრუქტურა და რაციონალურად დაგეგმოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პრესკონფერენციის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. „ანგარიში თბილისს“ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ”ფეისბუქის” გვერდის საშუალებით ლაივსთრიმით გადაიცემოდა.

პრესკონფერენციის დასასრულს ჟურნალისტებმა კომპანიის განახლებული სადისპეტჩერო სამსახური და ცხელი ხაზის განყოფილება დაათვალიერეს.