დავით ნარმანია - 13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარამდეა

13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარამდეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, ამ თანხიდან 80 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, მათგან 26 მილიონი ლარი შეადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობას.

„2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წელი გავიდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც გაუნადგურდა საცხოვრებელი სახლი, უზრუნველყოფილი იქნა საცხოვრებელი ფართებით. მეორე კატეგორიის ოჯახებს რაც შეეხებათ, მიმდინარეობს დაზიანებული ბინების აღდგენა. უმეტესობა სამუშაოებისა უკვე შესრულებულია, ხოლო ვინც თავად ახდენს ბინის რემონტს ჩვენთან შეთანხმებულად და ეტაპობრივრად ხდება ხარჯების ანაზღაურება, ჩვენ ამის ფინანსური რესურსი გაგვაჩნია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ამ ნაწილში ყველა სამუშაო შესრულებულია, გარდა წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთისა, რომელშიც ინფრასტურქტურის სამინისტრო გვეხმარება, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს, თუმცა ძალიან რთული მონაკვეთია და გარკვეული პერიოდი სჭირდება. ჯამში, როგორც ვვარაუდობდით 100 მილიონამდე ლარია ზიანი, 80 მილიონი უკვე დახარჯულია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კითხვაზე, როგორ გადაწყდება იმ ორი ოჯახის ბედი, რომლებსაც სასამართლოში დავა აქვთ, ნარმანიამ უპასუხა, რომ დედაქალაქის მერია სასამართლო დავის გადაწყვეტილების შესაბამისად მოიქცევა და ეს ოჯახები დავის დასრულებამდე ქირით არიან უზრუნველყოფილი. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, დედაქალაქის მერის განცხადებით, რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

„გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით დამონტაჟებულია წყლის დონის მზომი და სხვა ჰიდროლოგიური ხელსაწყოები, რაც იძლევა საშუალებას, რომ წყლის დონის მატებაზე ინფორმაცია იქნას მიღებული და ზომები გატარებული. დატბორვის საფრთხე არ არსებობს და ინფრასტრუქტურა აღდგენილია უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, დღეს, ”ექსპო-ჯორჯიაში” 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ წელიწადში შესრულებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერიამ დღესვე 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენაც გამართა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე