სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს რეკომენდაციას აძლევს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს ანგარიშსწორების ვადებთან დაკავშირებით რეკომენდაციას აძლევს.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა ან სამშენებლო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ განსახორციელებელი ფულადი ანგარიშსწორების ვადები არაგონივრულად განისაზღვრება.

”კერძოდ, აღნიშნული ვადები საკმაოდ გახანგრძლივებულია და ბევრად აღემატება ფულადი ანგარიშსწორებისათვის საჭირო აუცილებელ პერიოდს. შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ამგვარი მიდგომა, ფინანსური თვალსაზრისით, წარმოადგენს შემაფერხებელ ფაქტორს მიმწოდებელთათვის. დაგვიანებული გადახდები განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვება მცირე და საშუალო ბიზნესს.

როგორც კვლევამ ცხადყო, თუ ანგარიშსწორების ვადები მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან გრძელვადიანი პერიოდით (30 და მეტი დღე) განისაზღვრება, ასეთ შემთხვევებში, მნიშვნელოვნად მცირდება მიმწოდებლების მხრიდან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მოტივაცია, რაც უარყოფითად აისახება კონკურენციის დონეზე და აგრეთვე, იწვევს ერთგვარ გაუცხოებას სახელმწიფო შესყიდვებისადმი. გარდა ამისა, ზემოხსენებული მანკიერი პრაქტიკა, ასევე, გარკვეულწილად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესის აქტივობაზე, ვინაიდან ის არ აძლევს ბიზნესს სახელმწიფოსგან მისაღები თანხების საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენების, მათ შორის, ეკონომიკაში დროულად მიმართვის შესაძლებლობას. ეს კი თავის მხრივ, არ ახდენს დადებით ზეგავლენას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

საგულისხმოა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, რომ საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია დაინტერესებული უნდა იყოს ანგარიშსწორების გაჭიანურების გარეშე განხორციელებაში, რათა მიღწეულ იქნეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი, კერძოდ, მოხდეს ჯანსაღი კონკურენციის განვითარება და ხელშეწყობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს რეკომენდაციას, რათა მათ მიმწოდებლებთან ანგარიშსწორება განახორციელონ ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში”, - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.