CENN პუბლიკაციის ”თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“ პრეზენტაციას გამართავს

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 29 ივნისს ახალი პუბლიკაციის ”თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“ პრეზენტაციას გამართავს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ღონისძიება 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნება.

”13 ივნისს მდინარე ვერეზე მომხდარი წყალმოვარდნის კატასტროფული შედეგის გათვალისწინებით, CENN-მა იმავე წელს დაიწყო საველე კვლევები თბილისის საზღვრებში მტკვრის შენაკადებზე ძლიერი წყალმოვარდნების მოსალოდნელი საშიშროების საკითხებზე. კვლევის ფარგლებში, CENN-ის მიერ მომზადდა კომპლექსური ანგარიში თბილისის რაიონისთვის დამახასიათებელ საშიშ ბუნებრივ პროცესებზე (წყალმოვარდნები, მეწყრები, ქვათა ცვენა)”, - აცხადებენ CENN-ში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები განიხილავენ იმ ღონისძიებებს, რაც მდინარე ვერეზე მომხდარი კატასტროფული წყალმოვარდნით გამოწვეული ნეგატიური შედეგების რეაბილიტაციისა და მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების კუთხით განხორციელდა.