„ეიფიემ ტერმინალს ფოთი“ განცხადებას ავრცელებს

„ეიფიემ ტერმინალს ფოთი“ ფოთის საზღვაო ნავსადგურში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანია აღნიშნავს, რომ პატივს სცემს მოქალაქეთა უფლებას, მშვიდობიანად შეიკრიბონ და გამოხატონ საკუთარი აზრი, თუმცა, ცვლილება, რომელსაც დღეს კომპანია ახორციელებს არის გარანტი იმისა, რომ ფოთი მომავალში გახდება კონკურენტუნარიანი არსებული და პოტენციური ნავსადგურების მიმართ.

”ჩვენთვის გასაგებია შეშფოთება გარე ტერმინალების საქმიანობისა და ამასთანავე, ქალაქ ფოთის საზოგადოებისათვის ნავსადგურის ინტეგრირებული ოპერირების დაწყების შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანი და რეალურად, ჩვენი ვალდებულება საქართველოს მთავრობის წინაშე არის თანამედროვე, უმაღლესი დონის ნავსადგურის შექმნა, რაც გულისხმობს ნავსადგურში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას. დაგეგმილი ინტეგრირებული ოპერირება, ასევე, ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის განვითარებაში ჩადებული 65 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია არის ამის ნათელი მაგალითი. ცვლილებების განხორციელება არასდროსაა ადვილი, მაგრამ ცვლილება, რომელსაც დღეს ვახორციელებთ არის გარანტი იმისა, რომ ფოთი მომავალში გახდება კონკურენტუნარიანი არსებული და პოტენციური ნავსადგურების მიმართ და შეინარჩუნებს საქართველოს, ასევე, კავკასიის მთავარი კარიბჭის სტატუსს”, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის გენერალური დირექტორი, კლაუს ჰოლმ ლოურსენის თქმით, „ეიფიემ ტერმინალს ფოთის“ მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საუკეთესო მომსახურება.

„ეიფიემ ტერმინალს ფოთის მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო მომსახურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ნორმებისა და წესების სრული დაცვით“, - აცხადებს კლაუს ჰოლმ ლოურსენი.