”ნაციონალური მოძრაობა” სეტყვით დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობას ღონისძიებათა პაკეტს სთავაზობს

სეტყვით დაზარალებული სოფლების დასახმარებლად ”ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას ღონისძიებათა პაკეტს სთავაზობს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იმ კატასტროფული ზარალის ფონზე, რაც მანავის მოსახლეობამ 12 ივნისის საღამოს მიიღო, მთავრობამ შემდეგი უნდა განახორციელოს: ”დეტალურად აღრიცხოს მოსავლის ზარალი, ასევე დადგინდეს, რა თანხაა საჭირო თავად ვენახების გადასარჩენად; მოელაპარაკოს აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს, რომ იმ ოჯახებზე, რომლებსაც აქვთ აგროდაზღვევა, გაიცეს ზარალის ანაზღაურება და გაიცეს ის სამართლიანად; მოელაპარაკოს საფინანსო ორგანიზაციებს, დაზარალებული ოჯახებისთვის კრედიტების გადახდის ვადების ერთი წლით გადაწევაზე. მთავრობას ასევე ვუთითებთ, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიებებისათვის მას აქვს მთავრობის სარეზერვო ფონდი, აგრეთვე, რთველის სუბსიდირებაზე განსაზღვრული თანხები”, - ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის ინფორმაციით, კახეთში დაზარალდნენ: გურჯაანის რაიონში ახაშენი, გურჯაანი, ჩალაუბანი, ჩუმლაყი, ძირკოკი, ჭანდარი; თელავის რაიონში ბუშეტი, ვანთა; სიღნაღის რაიონში სოფლები მაღარო, ნუკრიანი, ტიბაანი, ძველი ანაგა; საგარეჯოს რაიონში კაკაბეთი, მანავი, თოხლიაური, საგარეჯო, ჩაილური; ყვარელის რაიონში ალმატი, გრემი, საბუე.

”ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებით შეამცირებდა ზარალს, ისეთივე ტყუილი აღმოჩნდა, როგორც ივანიშვილის ყველა სხვა დაპირება.

”დღეს უკვე ნათელი ხდება, რომ მშრომელი ოჯახებისთვის არაფრის მომცემია აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, რომელზეც მთავრობამ 2014-15 წლებში 15 მლნ ლარი დახარჯა. სადაზღვევო კომპანიები უარს აცხადებენ დასეტყვილი ვენახებისა და ნათესების პატრონებს დამდგარი ზარალი აუნაზღაურონ”, - ნათქვამია განცხადებაში.