კობა გვენეტაძე - არ ვფიქრობ, რომ უიმედო სესხების პატიებასთან დაკავშირებული კანონი საბანკო სექტორს პრობლემას შეუქმნის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე არ ფიქრობს, რომ უიმედო სესხების პატიებასთან დაკავშირებული კანონი საბანკო სექტორს პრობლემას შეუქმნის.

როგორც კობა გვენეტაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ფართო ანლიზის გაკეთება წინასწარ შეუძლებელია.

”ვფიქრობ, რომ ამის წინასწარ ფართო ანალიზი შეუძლებელია. უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მან პრობლემა უნდა შეუქმნას საბანკო სექტორს”, - განაცხადა გვენეტაძემ.

”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორიას თქმით, თუ სესხის ამოღება არ ხდება, ის ისედაც ბალანსს გარეთ იწერება.

”არ მგონია, ამას დიდი გავლენა ჰქონდეს საბანკო სექტორის მდგრადობაზე. პატიება არის აქტი, რომელსაც უშუალოდ დაკრედიტებასთან კავშირი არ აქვს. არ მგონია, კანონით შესაძლებელი იყოს დავალდებულება. ეს იქნება ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ბანკის გადასაწყვეტი, თუ რა უყოს მოგებას”, - განაცხადა კიკორიამ.

მისივე თქმით, ერთია კანონი, მაგრამ მისი რეგულირება არის ცალკე ტიპის სამუშაო, რაზეც მუშაობა გაგრძელდება.

”თუ სესხის ამოღება არ ხდება, ის ისედაც იწერება ბალანსს გარეთ და შესაბამისად, მერე ხდება, მასზე მუშაობა. დაარეგულირებს თუ არა კანონმდებლობა ამას უკეთესად, ვერ გეტყვით”, - განაცხადა კიკორიამ.

თავის მხრივ, ”ბანკების ასოციაციის” პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე მუშაობა ბანკებთან შეთანხმებით მოხდა.

”ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩამოწერა აპრიორი უნდა მოხდეს. თითოეული სესხი ბანკმა უნდა შეისწავლოს და თუ არის იქ საშუალება, ბუნებრივია, ბანკი ამ ჩამოწერას გააკეთებს და თუ არ არის, არ გააკეთებს”, - განაცხადა გვასალიამ.

”თავისუფალი დემოკრატების” მიერ მომზადებულ ”საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც უიმედო ვალების პატიებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

როგორც ცვლილებების ავტორმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, არსებული კანონმდებლობით, როგორც ბანკს, ასევე კლიენტს პატიების შემთხვევაში, დამატებითი გადასახადის გადახდა უწევთ, მომზადებული ცვლილებებით კი, ეს გადასახადი მოეხსნება. კანონი ეხება 2014 წლის 1 იანვრამდე არსებული მდგომარეობით ისეთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც სხვადასხვა გარემოების გამო სესხებს ვეღარ იხდიან. ამასთან, ბანკი გადაწყვეტს, ვის ეპატიოს სესხი და ვის - არა.