ტურიზმი საქართველოში - ძვირია თუ არა ტურისტებისთვის საქართველოში დასვენება

ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სასტუმროების ბიზნესია.

ხშირად მაღალი ფასების გამო საქართველოში ჩამოსული ტურისტები უპირატესობას დაბალფასიან სასტუმროებსა და ჰოსტელებს ანიჭებენ.

"საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა, ქვეყანაში მათი განთავსების ფასები მაღალია", - ამბობს Allnews.ge-სთან საუბრისას ექსპერტი ტურიზმის საკითხებში ვატო ასატაშვილი.

მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის სერვისის ფასები საკმაოდ მაღალია. როგორც ის ამბობს, სერვისი და ფასი ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, "ანუ ხარისხი ბევრად ჩამორჩება იმ ფასს, რაც გვაქვს".

"ამის გამოსასწორებლად რამდენიმე გზა არსებობს, ერთ-ერთი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაა.

ამ პროცესს მოჰყვება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რასაც ასევე მოჰყვება არა მხოლოდ ძვირადღირებული ქსელური სასტუმროების განვითარება, არამედ იაფფასიანი სასტუმროებისა და ჰოსტელების გამრავლება. როცა ვამბობთ, რომ ფასი მაღალია ვიდრე სერვისი, ეს მართალია და ამას სჭირდება დინამიური განვითარება".

ექსპერტის თქმით, საქართველოში ტურიზმის ყველანაირი სერვისის განვითარებაა შესაძლებელი, მათ შორის All inclusive სერვისის, რომელიც, როგორც ასატაშვილი ამბობს, ხშირად ტურისტებისთვის უფრო საინტერესო და მისაღებია.

"იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ განუვითარებელი ქვეყანა ვართ, ტურიზმის თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს პოტენციალი. პრემიუმ კლასის სერვისის განვითარება უფრო სწრაფ შედეგს აძლევს ინვესტორს და ამიტომ უფრო მეტი მოთხოვნაა ამ მიმართულებით ინვესტიციებზე, თუმცა All inclusive სერვისის განვითარებისთვის აუცილებელია უფრო დიდი ინვესტიციები, ვგულისხმობ დიდ საკურორტო კომპლექსებს, რომლებიც იმუშავებენ არა სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში.

მომდევნო 5 წლის პერსპექტივაში ძალიან მეეჭვება ქართველმა ან უცხოელმა ინვესტორმა ამ მიმართულებით დიდი ინვესტიცია ჩადოს, ვინაიდან ჩვენ მაინც სეზონური ტურიზმი გვაქვს, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სეზონის დაგრძელება", - ამბობს ვატო ასატაშვილი.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარის, შალვა ალავერდაშვილის თქმით კი, სასტუმროების ფასები მისაღებია, რადგან ტურისტების რაოდენობა იზრდება და მათ უკმაყოფილება არ აქვთ ფასებთან დაკავშირებით.

განაგრძეთ კითხვა