ირაკლი გილაური - კარგია, რომ ბიზნესი უსმენს მთავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს

კარგია, რომ ბიზნესი უსმენს მთავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს, - ამის შესახებ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართული კონფერენციის „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი გილაურმა განუცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრა ძალიან კარგი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ რეფორმებზე.

„კარგია, რომ ბიზნესი უსმენს მთავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს და მნიშვნელოვანია ეს დიალოგი გაგრძელდეს. ჩვენი აზრით, ის მიღწევები, რაც გაკეთდა, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და შეუძლია იპოვოს სამართალი, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს ინვესტიციების შემოდინებას", - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

მისივე თქმით, დადებითად შეფასდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ლონდონსა და ბერლინში იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.