ხათუნა ლაგაზიძე - კონკრეტული ჩინოვნიკები საბიუჯეტო ხარჯებს ფლანგავენ

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და საეჭვო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, ხარაგაულის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს ფლანგავს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამარტივებული წესით აძლევს რამდენიმე დღის შექმნილ კომპანიებს, „რაც კორუფციული გარიგებების საფუძვლიან ეჭვს აჩენს“.

პარტიაში გაკეთებული განცხადებით, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ქუჩაზე გზის საფარის ზედიზედ ორჯერ მოწყობის გამო, ბიუჯეტიდან გაიფლანგა 73 ათას ლარზე მეტი.

„მაშინ როცა ჩვენი უამრავი მოქალაქე უკიდურესად გაჭირვებულია, მაშინ როცა ჩვენი თანამოქალაქეები დაუსაქმებლები არიან და მაშინ როცა ქვეყნის მასშტაბით მოშლილია ინფრასტრუქტურა, კონკრეტული ჩინოვნიკები საბიუჯეტო ხარჯებს ფლანგავენ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამარტივებული წესით აძლევენ რამდენიმე დღის შექმნილ კომპანიებს. საუბარია ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე, სადაც 6 თვეში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებულია 210 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა, აღნიშნული ხელშეკრულებები კი დადებულია ისეთ მიმწოდებლებთან, რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ ხელშეკრულების დადებამდე 1-დან 30 დღემდე, რაც კორუფციული გარიგების საფუძვლიან ეჭვს იწვევს.

საეჭვო გარიგებების გარდა, ასევე ხარაგაულის რაიონში საქმე გვაქვს კონკრეტული უუნარო ჩინოვნიკების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

პრესკონფერენციაზე, მოძრაობის დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა კობა ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ კომპანია „ჯი-აი-დი“-სთან გაფორმდა ხელშეკრულება ხარაგაულში 8 ქუჩის შეკეთებაზე. სამუშაოს ღირებულებამ კი შეადგინა 863 ათასი ლარი.

„შეთანხმების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2 თვეში, თუმცა ხელშეკრულებაში შევიდა 9 ცვლილება, სამუშაოების ვადამ კი გადაიწია 10 თვით. ერთ-ერთი ვალდებულება გახლდათ ერთი ქუჩის ქვაფენილის მოწყობა და ამისთვის გადახდილი იქნა 73 ათას ლარზე მეტი. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ხელშეკრულებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით მოხდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება და ახლად დაგებულ ქვაფენილს გადაეგო ბეტონის საფარი, რაც მუნიციპალიტეტს დამატებით 33 500 ლარი დაუჯდა. სულ აღნიშნულ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 107 000 ლარზე მეტი. შედეგად უსარგებლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბიუჯეტმა გასწია 73 000 ლარზე მეტი არაეფექტური ხარჯი“, - განაცხადა კობა ჩიხლაძემ.