გიორგი ცაგარეიშვილი - 27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია

27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეამოწმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უხეში დარღვევები.

”ადგილობრივი ბიუჯეტები იხარჯება უმიზნოდ და უზარმაზარი თანხები მიმართულია ადგილობრივი მოხელეების ფუფუნებაზე”, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს.

ცაგარეიშვილის თქმით, დარღვევები მთელი საქართველოს მასშტაბით ფიქსირდება.

,,თავისუფალი დემოკრატები“ ვეყრდნობით რა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას, რომელმაც შეისწავლა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და რეგიონების მიხედვით წარმოადგინა ინფორმაცია იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელთაც კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა შრომის ანაზღაურების ხარჯების განსაზღვრისას არ აქვთ გათვალისწინებული. კერძოდ: სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, იმერეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი. ჩამოთვლილი რეგიონებიდან განსაკუთებით მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით გამოირჩევიან:

1. აჭარა: შუახევის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 32.05 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 348 160 ლარი, - ქედის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 52.35%-ია (შრომის ანაზღაურება - 2 563 700 ლარი).

2. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 34.94 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 283 300 ლარი, - ონის მუნიციპალიტეტში შრომის ანზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 35.89 %-ია (შრომის ანაზღაურება 985 900 ლარი, ლენტეხის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 33.38 %-ია (შრომის ანაზღაურება 992 900 ლარი).

3.სამცხე-ჯავახეთი: ასპინძის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 32.02 %-ია - (შრომის ანაზღაურება - 932 800 ლარი),

ნინოწმინდაში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საიბუჯეტო ხარჯების 32.94%-ია - (შრომის ანაზღაურება 1 315 300 ლარი).

4. ქვემო ქართლი: წალკის მუნიციპალიტეტი - შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 33.61%-ია (შრომის ანაზღაურება 1 3403 00 ლარი)”, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ეს თანხები ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისა და რეგიონების სოციალურად შეჭირვებიდან გამოსაყვანად უნდა იხარჯებოდეს.

,,თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ადგილი აქვს ფინანსური რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას იმ დროს, როდესაც რეგიონებში უკიდურეს სიდუხჭირეშია მოსახლეობა. აღნიშნული ფინანსური რესურსი უნდა ხმარდებოდეს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას. ბიუჯეტიდან გაღებული მილიონობით ლარი მაგალითია ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი ხარჯვისა’’, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.