მთავრობა ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვას გეგმავს

მთავრობა, მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვას გეგმავს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

„უკვე დადებულია ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი: ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით, საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტი დამტკიცებულია პარლამენტის მხრიდან; საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმები დაიწყო; ასევე, განათლების რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და სანდრო ჯეჯელავას უახლოეს მომავალში სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია აქვს დაგეგმილი. სივრცითი განვითარების მიმართულებით, ასევე, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ვმუშაობთ პროექტების დაჩქარების გეგმაზე და მომავალი წლიდან ჩვენ გვქნება ერთიანი ფრონტი გახსნილი და ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად გარღვევას მოიტანს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩართულობის გაზრდის კუთხით, ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - შეიქმნა საინვესტიციო საბჭო, სადაც იხილება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმა, რათა თავიდან ავიცილოთ სიურპრიზები კერძო სექტორისთვის და ასევე, ახლო მომავალში ვგეგმავთ მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაციას და ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებულ ფორმატს წარმოგიდგენთ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ამ პროექტზე მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს.

„ასე რომ, 4-პუნქტიანი პროგრამა მუშაობს, ბევრი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და კიდევ უფრო ამბიციური ნაბიჯები არის დაგეგმილი. ვფიქრობთ, ამ პროგრამის მეშვეობით მოხდება განვითარების მნიშვნელოვნად დაჩქარება და მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური განვითარების არაერთი მიმართულებით“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.